ზურაბ ჭიაბერაშვილი განმარტავს, რატომ გაიწვიეს მისი კანდიდატურა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან

”ნაციონალურმა მოძრაობამ” დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურა უკან გაიწვია, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე სწორედ მისი კანდიდატურა იყო წარდგენილი, თუმცა ”ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ”პატრიოტთა ალიანსის” წევრი აერჩია, ამიტომ წარდგენაც აზრს კარგავდა.

”დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ”ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ ”პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი აერჩია. როგორც ჩანს, ”ქართული ოცნება” არ ენდობა ჩვენს ცოდნას ეკონომიკაში და ურჩევნიათ, ამ შემთხვევაში, ალიანსმა წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები აქტიურად. ბუნებრივია, ჩვენ არ ვგეგმავთ, რომ ჩუმად ვისხდეთ. რა თქმა უნდა, მიგვაჩნია, რომ ეს კომიტეტი არის ერთ-ერთი წამყვანი კომიტეტი და ვგეგმავთ აქტიურ მუშაობას, მათ შორის დეტალურ მუშაობას ბიუჯეტზე და თანამდებობები არ გვაინტერესებს”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.