„აიტექნიკი“ „აიპლიუსს“ ტყუილში და დანაშაულის შესაძლო ჩადენაში ამხელს (R)

„კომპანია „აიპლიუსი“ ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ თითქოს არასამართლიანი მოპყრობის მსხვერპლია და მისი ბიზნესის ხელში ჩაგდება თანამდებობის პირების ინტერესშია.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კომპანია „აიპლიუსმა“ უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ეფლის ლოგოს სრულიად უკანონოდ იყენებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ დაევალათ ლოგოს დემონტაჟი ფილიალებიდან, რაც ჯეროვნად არ იქნა შესრულებული. კერძოდ, მათ ფაქტიურად მოატყუეს აღსრულების ეროვნული ბიურო და დემონტაჟის ნაცვლად დროებით დაფარეს მაღაზიის შესასვლელის ბანერზე გამოსახული „ეფლის“ ლოგო და ახლა კი იმდენად გათავხედდნენ, რომ კვლავ დააბრუნეს პირვანდელ მდგომარეობაში. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, აღნიშნული ქმედება ფასდება როგორც დანაშაული - „სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა“ და წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირ და უხეშ დარღვევას. ჩვენ იმედი გვაქვს ამ ფაქტზე შესაბამისი ორგანოების მიერ დროულად მოხდება რეაგირება და დადგინდება სიმართლე.

კომპანია „აიპლიუსი“, ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ მათი ანგარიშები სრულადაა დაყადაღებული, რის გამოც ვერ ახორციელებს ტრანზაქციებს და ამგვარად გაკოტრების საფრთხის წინაშე დგას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს ყოველივე არის მტკნარი სიცრუე. პირველ რიგში ყადაღა ადევს მათ ანგარიშებს 350 000 ლარის ფარგლებში (თითქმის 6 ჯერ ნაკლებია ვიდრე ისინი აცხადებდნენ), მეორეც, ყადაღის გამოყენებისთანავე აიპლიუსი, მის მიერვე დაფუძნებული ერთ-ერთი კომპანიის მეშვეობით თავისუფლად ახორციელებს ტრანზაქციებს და მისი საქმიანობა არ შეფერხებულა. უფრო მეტიც, იმის გამო რომ თეორიულადაც კი გამოირიცხოს რომ კომპანიას გარკვეული ზიანი მიადგეს, „აიტექნიკმა“ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გარანტიის სახით სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა 50 000 ლარი. სასამართლო გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, რასაც აიპლიუსის იურისტიც საჯაროდ ადასტურებს.

კომპანია, „აიპლიუსი“, რომლის საქმიანობა ძირითადად ტყუილზეა დაფუძნებული, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით, რეალურად ცდილობს ბაზრის სრულ მონოპოლიზაციას. ერთადერთი კომპანია, რომელსაც ვერ მართავს, გახლავთ „აიტექნიკი“ და სწორედ ესაა იმ ბინძური და ცილისმწამებლური კამპანიის მთავარი მიზეზი , რასაც „აიპლიუსი“ „აიტექნიკის“ წინააღმდეგ აწარმოებს.

აქვე საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აიპლიუსი იტყუებოდა:

ა) როცა მეორად ტელეფონებს ახალი ტელეფონების ფასად ყიდდა და ამის შესახებ მითითებულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში;

ბ) როცა თავს არიდებდა საბაჟო გადასახადებს და გაურკვეველი წარმოშობის პროდუქცია კონტრაბანდული გზით შემოჰქონდა. ამის გამო 2013 წელს „აიპლიუსის“ დამფუძნებელი, მარღიშვილი და ამჟამად „ეფლსითის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დურძუკი იქნენ დაკავებულნი და ამ დანაშაულისთვის კომპანიას სოლიდური ჯარიმა დაეკისრა ბიუჯეტის სასარგებლოდ;

გ) როცა ტერორიზმის პროპაგანდის შემცველი ვიდეოს მეშვეობით საზოგადოებას სრულიად ამორალურად და ცინიკურად აამცნობდა, რომ ვითომდა ეფლის ოფიციალური პარტნიორი ხდებოდა და ეს იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო საფრანგეთში მომხდარი საშინელი ტერაქტის მსხვერპლთ გლოვობდა. ამ თავხედურმა ვიდეორგოლმა სამართლიანი აღშფოთება და აგრესია მხოლოდ საქართველოში კი არა, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გამოიწვია;

დ) „აიპლიუსი“ იტყუებოდა მაშინაც, როცა ნაკურთხ აიფონებს ყიდდა, რითაც აშკარად შეურაცხყოფას აყენებდა სასულიერო პირებს და მთლიანად საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას;

ე) როცა ათასობით მომხმარებელს საგარანტიო პირობებს მანამ არ უსრულებდა, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებით არ დაევალებოდა;

ვ) როცა შექმნა მრავალი სხვადასხვა დასახელების კომპანია („აიფონ ცენტრი“, „აიფოუნ სერვისი“, „აიპლაზა“, „ეფლ სითი“ „აისთაილი“ და სხვა…) და მომხმარებელი შეყავდა შეცდომაში თითქოს, სხვა მაღაზიაში ყიდულობდა პროდუქციას. სინამდვილეში ყველა ეს კომპანია „აიპლიუსის“ შელახული იმიჯის შესანიღბად იქმნა შექმნილი და ძირითადად დღესაც მის მიერ კონტროლდება;

ზ) როცა სოციალურ ქსელში „ფეიქგვერდებს“ ქმნიდა და ამ გვერდებზე გავრცელებული ამორალური ინფორმაციით ჩვენს კომპანიას სახელს უტეხდა;

თ) როცა ჯანსაღი კონკურენციისკენ მოუწოდებდა კონკურენტებს და ამ დროს კონკურენციის სააგენტომ აიპლიუსის“ წინააღმდეგ საქმის წარმოება სწორედ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მუხლით დაიწყო;

ი) „აიპლიუსი“ იტყუებოდა მაშინაც, როცა ქალაქის ერთ-ერთ მთავარ, პეკინის გამზირზე არსებულ მაღაზიაში, სადაც სრულადაა კოპირებული „ეფლ სთორის “ დიზაინი, მოსახლეობას უქმნიდნენ შთაბეჭდილებას, თითქოს იმყოფებოდა ოფიციალურ ეფლის მაღაზიაში და ამ დროს როგორც აღმოჩნდა, უხვად სთავაზობდა გადაფუთულ და მეორად ტექნიკას.

აი, ასეთია „აიპლიუსის“ რეალური სახე და გასაკვირი არაა, რომ კომპანიისთვის, რომელმაც წლების განმავლობაში სახელი სკანდალით, მოტყუებით და უკანონობით გაითქვა, ეს ყველაფერი მორიგი აფიორის ნაწილს წარმოადგენს. სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, სატელევიზიო სიუჟეტი, საგაზეთო სტატია თუ ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია ერთხმად ადასტურებს ამ კომპანიის უკანონო ქმედებებს. უდავოა, რომ მათი ტყუილების არავის არ სჯერა, დარწმუნებული ვართ ამ განცხადებით ძალიან ბევრ თქვენგანს კიდევ ერთხელ გაგახსენდებათ ის უკიდურესად არასასიამოვნო გამოცდილება რაც ამ კომპანიასთან გაკავშირებთ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ეკონომიკური აღმავლობა გარდაუვალია, სადაც ამ ტიპის კომპანიებს აუცილებლად მოუწევთ აღიარონ თანამედროვე ბიზნესის სტანდარტები. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ საზოგადოებაში ავტორიტეტის მოსაპოვებლად საჭიროა კრეატიული აზროვნება, საუკეთესო ხარისხი, მომსახურება და საკუთარი მომხმარებლების მიმართ გულწრფელი დამოკიდებულება და არა ამორალური და უკანონო ქმედებები, რაც მთლიანობაში ხელს უშლის ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას.

გულწრფელი პატივისცემით და მომავლის რწმენით აიტექნიკის ადმინისტრაცია.

(R)