კატასტროფული ვითარება სატრანსპორტო სფეროში - როგორ ირღვევა მგზავრებისა და მძღოლების უფლებები

ადამიანის უფლებებს რომ დაცვა სჭირდება და არ უნდა დაირღვეს, ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ რამდენადაა ისინი დაცული, ეს კი ნამდვილად სადავო საკითხია.

დღეს მძღოლებზე მოგვიწევს საუბარი. საინტერესოა, კონკრეტულად, როგორ ირღვევა მათი უფლებები?! ამასთან დაკავშირებით "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" მხარდაჭერით კვლევა ჩატარდა: ინტერესის სფერო იყო სწორედ ის, რამდენად დაცულია მძღოლის უფლებები. მსგავსი კვლევა საქართველოში, როგორც ამბობენ, არასდროს განხორციელებულა. ეს საკითხი პირველად ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ შეისწავლა...

"ამბები.გე" აღნიშნული ასოციაციის პრეზიდენტს - დავით მესხიშვილს ესაუბრა:

- მძიმე ეკონომიური პირობების ფონზე ბევრს სურს, გახდეს მძღოლი, მაგრამ მათგან ვინ არის პროფესიონალი (ვგულისხმობ ადამიანებს, რომელებიც ამ პროფესიით ოჯახს არჩენენ) და ვინ მოყვარული, ამის გარჩევა ძალიან ჭირს. ფაქტი ის არის, რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა ცდილობს, გარკვეული ფინანსები იშოვოს. მოკლედ, გამოვკითხეთ კონკრეტულად დასაქმებული მძღოლები, რომლებსაც მგზავრები გადაჰყავთ (მიკროავტობუსების, ავტობუსების, მეტროს მემანქანეები).

- კვლევისას მთავარი რა იყო?

- მაგალითად, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი): 2 ვერსია იყო, ერთი, როდესაც მათ არ იციან კონტრაქტის შინაარსი, დოკუმენტზე ხელი ბრმად აქვთ მოწერილი და კომპანიაც დიდად არ დაინტერესებულა, მათთვის კონტრაქტის შინაარსი გაეცნო;

მეორე, - კონტრაქტის შინაარსი იციან, მაგრამ იძულებულები არიან, ხელი მოაწერონ, რადგანაც სხვა სამსახური არ არსებობს, თუმცა ეს პირობები არის სრულიად კაბალური. მაგალითისთვის გეტყვით, - იყო გარკვეული ტაქსოკომპანიები, რომლებიც მძღოლებს ეუბნებოდნენ, რომ ავტომობილი ჩვენია, აქ 4 წელი თუ იმსახურებ და ყოველდღე 50 ლარს შემოიტან, შემდეგ მანქანას შენზე გადავაფორმებთ. ასეთმა კომპანიებმა სამი წლის და 8 თვის შემდეგ ადამიანები სამსახურიდან გაუშვეს. მძღოლებმა სასამართლო პროცესი ვერ მოიგეს.

- ასეთ დროს პასუხისმგებლობა კომპანიას არ ეკისრება?

- ხელშეკრულება გარკვეული ხრიკებით არის მომზადებული, რომელსაც მძღოლი გულდასმით არ ეცნობა და ხელს ისე აწერს. ამით კომპანიები სარგებლობენ და მძღოლები ზარალდებიან. კონტრაქტში მისი შემდგენლები წერენ იმას, რაც მათ სურთ...

შემდეგი საკითხი იყო, - თბილისის მიკროავტობუსები: მძღოლებს კომპანიასთან არ აქვთ დალაგებული ურთიერთობა და შესაბამისად აქვთ მუდმივი შიში, რომ შესატან თანხას გაუზრდიან. რის ფონზეც არსებობს რისკი, რომ მიკროავტობუსით მგზავრობა ქალაქში გაძვირდეს. ამასთან, მიკროავტობუსების ასაკმაც მოიმატა, უფრო ხშირად სჭირდებათ სარემონტო სამუშაოები, რის ხარჯებსაც თავად მძღოლი სწევს. რაც უფრო ძველია, უფრო ხშირად უწევს თანხის გადახდა, რადგან სარემონტო და შესაკეთებელია. ამიტომ მძღოლები თბილისის მიკროავტობუსის შემთხვევაში დიდი წნეხის ქვეშ არიან, მათ შემოსავალი ყოველდღიურად უმცირდებათ.

- ალბათ ამიტომაც არის მიკროავტობუსებში ის ქაოსი და გაუგებრობა, რაზეც მგზავრები მუდმივად წუწუნებენ.

- მოხდა ასეთი რამ: 101 მიკროავტობუსის მძღოლებმა მანქანები თვითნებურად გაზზე გადაიყვანეს, რაც ფეთქებადსაშიშია; ამასთან, არის გაწელილი რეისები, რომელიც მთელ ქალაქს წრეს არტყამს, რითაც მგზავრების ზენორმირებული გადაყვანა ხდება (რომ მძღოლს რაც შეიძლება მეტი თანხა დარჩეს), რადგანაც მისმა ხარჯმა მოიმატა...

- 101 სამარშრუტო ტაქსის მძღოლების თვითნებობას რა მოჰყვა?

- თბილისის მერიამ ისინი დააჯარიმა, მაგრამ ეს სიტუაციას არ ასწორებს... მიკროავტობუსებში ნასვამ პირებთან, მგზავრებთან, ხშირად იქმნება კონფლიქტური სიტუაცია, - ამ თემაზე მძღოლები მწვავედ საუბრობენ.

აღსანიშნავია საკითხიც, - საქალაქთაშორისო ტრანსპორტში სრული კატასტროფაა. მაგალითად, თუ მანქანა თბილისიდან ქუთაისში მიდის, იქ ისეთი სიტუაციაა, რომ მძღოლის უფლებებზე საერთოდ არ არის ლაპარაკი, - მას სადგურებზე მოსასვენებელი ოთახი სჭირდება, საშხაპე, რომ მოწესრიგდეს, სასმელი წყალი, ავტობუსიც უნდა გაირეცხოს, - თან, ეს ყველაფერი კანონით უნდა იყოს დარეგულირებული, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ყველა საერთაშორისო სტანდარტი დარღვეულია...

- რა ვითარებაა უშუალოდ სადგურებზე?

- იქ ორი პრობლემა გამოიკვეთა: ერთი, ვინც კანონში არის მოქცეული, იმ მძღოლებს არ აქვთ დასვენების, შხაპის მიღების საშუალება, წარმოიდგინეთ, სასმელი წყალიც არ აქვთ და მეორე - ამის ფონზე ვიღებთ ე.წ. "ხიშნიკ" (მტაცებელ) მძღოლებს, როცა ერთი ნაწილი მეორე ნაწილის უფლებებს არღვევს.

- როგორ და ვინ არიან ეს მტაცებელი მძღოლები?

- რომლებსაც "ბე" კატეგორიის მართვის მოწმობით (ჩვეულებრივი მართვის მოწმობა) გადაჰყავთ მგზავრები ისე, რომ მგზავრის გადაყვანის არანაირი უნარ-ჩვევა არ აქვთ. არადა, ეკრძალებათ 8 და მეტი მგზავრის გადაყვანა, მაგრამ ამას კლიენტების აყვანის მიზნით აკეთებენ (თან, "დე" კატეგორია არ აქვთ), ხდება გზაზე გადასწრება, რასაც იმ სტანდარტების დაღვევამდე მივყავართ, საგზაო უსაფრთხოება რომ ჰქვია. მოკლედ, მგზავრებს იტაცებენ, რაც გზებზე კატასტროფულად მძიმე სიტუაციებს ქმნის.

მაგალითად, თუ სადგურიდან ასე თუ ისე მოწესრიგებული ავტობუსი გავიდა და ეს ე.წ. მტაცებელმა გაიგო, რომელსაც არ აქვს გავლილი ტექდათვალიერება, მის შესახებაც არ გვაქვს ინფორმაცია, თუნდაც ის, აქვს თუ არა შესაბამისი მართვის მოწმობა. ვიმეორებ, ეს საფრთხის შემცველია.

რაც შეეხება სადგურებს, იქ ტექდათვალიერებას უნდა გადიოდნენ, მაგრამ გადიან ფორმალურად, უფრო სწორად ამას აკეთებენ იმისთვის, რომ საბუთი მოიპოვონ. არადა, სინამდვილეში გზაზე რამდენი სატრანსპორტო საშუალება გვინახავს, რომელზეც გვითქვამს, ამას რა უნდა გზაზე?!

დღეს საქართველოში 110.000 სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება ტექდათვალიერებას, მაგრამ ამ ტექდათვალიერებას გადის მხოლოდ 30.000. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროცედურის გავლის გარეშე, გზაზე არის უამრავი სატრანსპორტო საშუალება, რომელთაც მგზავრები გადაჰყავს...

- მეტროს მემანქანეებთან რა პრობლემებია?

- მემანქანეებმა სამედიცინო დაზღვევის გაუმჯობესება მოითხოვეს. მათი სიტყვებიდან გამომდინარე, დაზღვევა, რაც აქვთ, არის მათხოვრული, არადა, განსაკუთრებულ პირობებში უწევთ მუშაობა, მიწის ქვეშ წლობით არიან... ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროსგან საპენსიო ასაკის დაწევასაც მოითხოვენ... ელემენტარული, არ აქვთ ღამის გასათევი ადგილები.

- ამ ყველაფრის ფონზე, რა რეკომენდაციების გაცემა შეგიძლიათ?

- იმისთვის, რომ უკანონო ავტოსადგურები აღიკვეთოს, მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეკონომიკის სამინისტროს აქვს ბერკეტები, შეისწავლოს, - სად არის ეს უკანონო სადგურები და ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდოს. ე.წ. მტაცებლები, რომლებიც გზებზე სიცოცხლის საფრთხეს ქმნიან, შსს-ს ვთხოვეთ, მათი გადაადგილება აღკვეთოს, რადგანაც ისინი მგზავრთა არასწორ გადაყვანას ახდენენ თუნდაც მაშინ, როდესაც სატრანსპორტო საშუალებაში 12 ადგილია და სალონში 24 მგზავრი ზის. ვიმეორებ, ეს ყველას უსაფრთხოების სტანდარტის დარღვევაა...

- ეკონომიკის სამინისტროს მიმართ კიდევ რა რეკომენდაციები გაქვთ?

- სადგურებზე მოითხოვოს სტანდარტების დაცვა, ამისთვის შეიქმნას მძღოლის მოსასვენებელი პირობები, - შხაპი, სასმელი წყალი... რეალურად ჩატარდეს ტექდათვალიერებები, მოვუწოდეთ, რომ რეისის წინ მძღოლების სამედიცინო შემოწმება, რაც კანონით არის გათვალისწინებული, რეალურად ამოქმედდეს, - მას ახლა ფორმალური ხასიათი აქვს. ხაზზე არ უნდა გავიდნენ ნაბახუსევი და ნასვამი მძღოლები, ესეც რომ არ იყოს, მათი წნევის კონტროლი უნდა მოხდეს, შეიძლება მხედველობის პრობლემაც ჰქონდეთ...

ამრიგად, მოვუწოდეთ ეკონომიკის სამინტროს, რომ ეს საკითხები დახვეწოს და ასევე შეასრულოს ევროდირექტივა, ეს ჩამწერ-მაკონტროლებელი სისტემის მოწყობას ეხება. მოწყობილობა ავტომობილში მაგრდება, რითაც ხდება იმის აღნუსხვა, თუ მძღოლმა რამდენი ხანი დაისვენა, რა სიჩქარით იარა. აქ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი.

ასევე ყურადსაღებია ისიც, რომ ჩვენი მიკროავტობუსების დიდი ნაწილი სატვირთოა, რომლებიც სამგზავროდ არის გადაკეთებული, რადგანაც სატვირთოს შეძენა იაფი ჯდება. ისე რომ, ზოგიერთს, ფანჯრებიც კი არ აქვს, დარღვეულია სავარძლებისა და სალონის მოწყობის სტანდარტი და ა.შ.

თბილისის მერიისგან ასევე მოვითხოვეთ: იქ, სადაც მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებებია, სველი წერტილები გაკეთდეს, რადგანაც არსად ეს არ არის და მძღოლებს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება სხვადასხვა ადგილას უწევთ...

საბოლოო ჯამში კი, მთავრობას მივმართავთ, - საქართველოს ხელისუფლებაში განისაზღვროს ტრანსპორტზე პასუხისმგებელი ერთი უწყება, რადგანაც დღეს ტრანსპორტზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის სამინისტროები და მუნიციპალიტეტი...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE