მაია მელიქიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წარმომადგენლებს შეხვდა. მაია მელიქიძემ სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან მერსედეს ვერა-მარტინსთან და საქართველოში სსფ-ის მუდმივ წარმომადგენელთან ფრანსუა პეჰშოსთან შეხვედრისას ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა და მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის შესახებ ისაუბრეს.

როგორც მაია მელიქიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია ინკლუზიურ ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარების გეგმის რეალიზაცია და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის თითოეული კომპონენტის რეალიზაცია წინგადადგმული ნაბიჯია.

„მნიშვნელოვანია ამ გეგმის სწრაფად განხორციელება, რადგან ეკონომიკურ აქტივობას და ტურიზმის ზრდას უზრუნველყოფს წლის ნებისმიერ დროს და საქართველოს ყველა კუთხეში”, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ქვეყანაში მიმდინარე საგადასახადო რეფორმას და ესტონურ მოდელზე გადასვლას.

მაია მელიქიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე, ქვეყანაში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვა.