სიმონ ნოზაძე - კანონი ფიქრობს, რომ “მრეწველთა“ პარტიას საპარლამენტო ფრაქციით საბიუჯეტო დაფინანსება ეკუთვნის

კანონი ფიქრობს, რომ “მრეწველთა“ პარტიას საპარლამენტო ფრაქციით საბიუჯეტო დაფინანსება ეკუთვის და ალბათ ცესკოც ამას გადაწყვეტს - თუკი კანონთან გვაქვს რაიმე პრეტენზია, ეს სხვა საკითხია , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარემ სიმონ ნოზაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, თუკი “მრეწველებს“ საარჩევნო ადმინისტრაციაში საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება, ამაში დასაძრახი არაფერია.

“მრეწველთა“ საარჩევნო ბლოკიდან პარლამენტში მხოლოდ მე შევედი. კანონი ითვალისწინებს, რომ თუკი დეპუტატი, რომელიმე მაჟორიტარი, თანამოაზრეებს გამონახავს, მას შეუძლია ფრაქცია შექმნას. აქ უმთავრესია ის, რომ როცა საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიცია “ქართული ოცნება“ დაიშალა და “მრეწველები“ კოალიციას გამოეყვნენ, პარტიის ლიდერებმა გოგი თოფაძემ და ზურაბ ტყემალაძემ თქვეს, რომ არჩევნების შემდგომ შესაძლოა განხილულიყო უმრავლესობაში გაწევრიანების საკითხი. აი, ეს ყველაფერი მოხდა ახლა. კონსულტაციები თავდაპირველად პარტიის ლიდერებმა დაიწყეს. როცა მათ გარკვეული დეტალები შეათანხმეს, მე შემდეგ ჩავერთე. მქონდა შეხვედრა ჩემს თანამოაზრე დეპუტატებთან“, - განუცხადა ჟურნალისტებს სიმონ ნოზაძემ.

ამასთან, ნოზაძე ადასტურებს, რომ “მრეწველთა“ კოალიციის სიაში ის დეპუტატობის უპარტიო კანდიდატად იყო წარდგენილი და როგორც განმარტავს, მას როგორც მოქმედ ოფიცერს, 2016 წლის სექტემბრამდე პარტიაში შესვლის უფლება არ ჰქონდა.

“სექტემბრის დასაწყისში, როცა იყო პარტიის პოლიტსაბჭოს შეკრება, მე პარტიაში შესვლის შესახებ განვაცხადე და არჩევნების წინ პარტიის წევრი გავხდი“, - აღნიშნა ნოზაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ”მრეწველების” ფრაქციის შექმნის მიზანს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ”მრეწველთათვის” ადგილის შენარჩუნება წარმოადგენდა. ფრაქციის შექმნით, პარტია ”მრეწველები” ბიუჯეტიდან საპარლამენტო ფრაქციის თანხას - 300 ათას ლარს მიიღებს. აღნიშნულ თანხას დაემატება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან მისაღები დაფინანსება და მოხდება მათი შეკრება.

ამ გზითა და სქემით ”მრეწველები” სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 536 ათას ლარს მიიღებენ და ცესკოში წევრს დანიშნავენ. შედეგად, ცესკოში ადგილს პარტია ”თავისუფალი დემოკრატები” დაკარგავს, რადგან მას დაფინანსების ოდენობით ”მრეწველები” აჯობებენ.