საქართველოში ციფრული მარკეტინგის პირველი კონფერენცია - Touch გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში ციფრული მარკეტინგის საერთაშორისო კონფერენცია - Touch გაიმართა. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან იუწყებიან, კონფერენციის ძირითადი თემა იყო ტურიზმი ციფრულ სამყაროში. საუბარი შეეხო ახალ ტენდენციებს, ბიზნესში ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობისა და ინტერნეტ სამყაროს ახალი გამოწვევების შესახებ. კონფერენციას Google-ის, National Geographic-ის, Impact hub Vienna-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კონფერენციის სპიკერები იყვნენ: საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, Google-ის ინდუსტრიული მენეჯერი დმიტრი შილიუკი, National Geographic-ის ფოტოგრაფი ვიქტორ ლაგუშკინი, Impact hub Vienna-ის წარმომადგენელი კაი ვიჩმენი, სოციალური მედიის მენეჯერი ანა სამპაიო ბაროში, ფრანგი ფოტოგრაფი და მოგზაური აურელიან ბატინი. მათ კონფერენციის მონაწილეებს წარმატებული ისტორიები და ბიზნეს გადაწყვეტილებები გაუზიარეს. Touch - ციფრული მარკეტინგის პირველი კონფერენცია ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა და ყოველწლიურად გაიმართება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ინტერნეტი ყოველწლიურად კომუნიკაცის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი არხი ხდება.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ძალიან აქტიურად და წარმატებულად იყენებს ციფრულ მარკეტინგს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად. ეს საერთაშორისო კონფერენციაც ამ მიმართულებით წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ, რომ გაიზიარონ გამოცდილება ციფრული მარკეტინგის ტენდენციების, ტექნიკური საშუალებების და საკომუნიკაციო არხების დახვეწის შესახებ, ეს ყველაფერი კი დაეხმარება მათ, რომ სამიზნე აუდიტორიასთან, მათ შორის პოტენციურ ტურისტებთან სწორი კომუნიკაცია მოახდინონ,“ - განაცხადა ჩოგოვაძემ.

ზემოთ აღნიშნული პროექტის სპონსორები არიან: ავიაკომპანია ,,ატლასგლობალი‘’ და სასტუმრო ,,ფაბრიკა’’, მხარდამჭერები - ღვინო ,,ვისმინო“, რესტორანი ,,ბარბარესთან’’, ტექნოპარკი და კომპანია ,,პორტ:80’’.