დედოლარიზაციის პროცესს საქართველოში წლები დასჭირდება

„ლარის კურსს ჩვენი ეკონომიკა კი არა, მთავრობა და ეროვნული ბანკი აწესებს“

სავალუტო კრიზისის შერბილების მიზნით, ჩვენი ქვეყნის მთავრობა ახალი რეგულაციების დაწესებას აპირებს, რაც „დედოლარიზაციას“ ანუ სესხებსა და დეპოზიტებში უცხოური ვალუტის წილის შემცირებას ისახავს მიზნად. მთავრობის განმარტებით, ამ ღონისძიებებს ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითი ეფექტი არ ექნება, თუმცა ეკონომისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციები ქვეყანაში სესხების გაძვირებას და ეკონომიკური ზრდის შენელებას გამოიწვევს. მათი შეფასებით, დოლარიზაციის ხელოვნური შემცირება უარყოფითად აისახება არა მხოლოდ საფინანსო სექტორზე, არამედ თითოეულ მოქალაქეზე და ქვეყნის ეკონომიკაზე. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მექანიზმზეა საუბარი, თუმცა დედოლარიზაციის მისაღწევად მთავრობამ უკვე შეიმუშავა ათპუნქტიანი გეგმა, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ლარში გაცემული სესხების მოცულობა უნდა გაიზარდოს.

„ბიზნესპრესნიუსმა“ აღნიშნული  საკითხის შეფასება ეროვნული ბანკის ყოფილ წევრს, პროფესორ მიხეილ თოქმაჯიშვილს სთხოვა. თოქმაჯიშვილი მიიჩნევს, რომ დედოლარიზაცია რთული პროცესია, რომელსაც წლები დასჭირდება:

მიხეილ თოქმაჯიშვილი - დედოლარიზაციის საკითხი ახალი არ არის, ამაზე მსჯელობა კარგა ხანია მიმდინარეობს. ერთხანს ქმედითი ღონისძიებებიც განხორციელდა იმისათვის, რომ დოლარიზაციის მაჩვენებელი შეცვლილიყო, ამ მხრივ გარკვეულ წარმატებებიც გვქონდა, გაჩნდა სტიმული, რომ მოსახლეობას ფინანსური ოპერაციები ლარში ეწარმოებინა, თუმცა შემდეგში ლარის კურსის ვარდნასთან ერთად დოლარიზაციის მაჩვენებელი  კვლავ გაიზარდა. სამწუხაროდ, საქართველოში ეს მაჩვენებელი 70%-ს აღწევს, ეს ციფრი 40-50%-საც რომ გაუტოლდეს, მაინც დიდი მიღწევა იქნება.  დოლარიზაციის შემცირებით ეროვნულ ბანკს უფრო მეტი საშუალება მიეცემა, რომ საგარეო თუ საშინაო რისკები დაძლიოს, თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც არ შეიძლება ერთ, ან ორ წელიწადში დასრულდეს, ამიტომ, სწრაფ შედეგებს არც უნდა ველოდოთ. დედოლარიზაცია ნიშნავს ლარისადმი ნდობის გაზრდას და რაც უფრო დაბალია ნდობა ჩვენი ეროვნული ვალუტისადმი, მით უფრო მაღალია ქვეყანაში დოლარიზაციის მაჩვენებელი. ფაქტია, რომ დოლარს საქართველოში დღეს კონკურენტი არა ჰყავს, ამიტომ დედოლარიზაციის პროცესს წლები დასჭირდება.

ამ თვალსაზრისს იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძეც:

-საქართველოში დოლარიზაციის მაჩვენებელი მართლაც მაღალია და ეს არის ობიექტური შედეგი იმისა, რომ ქვეყანაში დაგროვების მთავარი საშუალება დოლარია. ამ სიტუაციაში ძალიან რთულია ბანკებს დავავალოთ, რომ სესხები ძირითადად ლარში გასცენ. მე მოვისმინე ეკონომიკის მინისტრის განცხადება, რომ შემუშავებულია 10-პუნქტიანი გეგმა, სადაც ბევრი რამ არის გათვალისწინებული, თუმცა ხელოვნური ჩარევა დედოლარიზაციის პროცესში დადებით შედეგს არ მოგვიტანს. ამის კარგი მაგალითია სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, სადაც გასული საუკუნის 80-იან წლებში და შემდეგაც სცადეს დედოლარიზაციის ხელოვნურად დაწყება და ძალიან ცუდი შედეგები მიიღეს. ამიტომ, ამ პროცესის ხელოვნურად დაწყება არ შეიძლება, ჯერ უნდა გაჩნდეს ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ და მერე თანდათან, ყოველწლიურად უნდა მივაღწიოთ სტაბილურ, პროგნოზირებად სიტუაციას, რაც დედოლარიზაციას შეუწყობს ხელს. ამ პროცესში ხელოვნური ჩარევა და შეზღუდვები არ იქნება დადებითი შედეგის მომტანი ჩვენი ეკონომიკისთვის.

გიორგი კეპულაძის თქმით, დედოლარიზაციის პირველი ნიშანი არის ის, რომ ხალხმა დაგროვება ლარში დაიწყოს.

-ლარისადმი ნდობის გაზრდას ერთი და ორი წელი არ ეყოფა. როდესაც ბანკებს მივუთითებთ, რომ სესხი მხოლოდ ლარში უნდა გასცენ, მათ კი სახსრები დოლარში აქვთ მოზიდული, ეს არა მხოლოდ საბანკო სექტორზე აისახება უარყოფითად, არამედ ჯაჭვური რეაქციით გადაეცემა მთელ ეკონომიკას. ბანკი ყოველთვის ცდილობს იმ ვალუტაში გასცეს სესხი, რაშიც  სახსრები აქვს მოზიდული. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მთავრობა ამ პროცესში ნაკლებად ჩაერევა. ძალიან გონივრული და ზუსტად გათვლილი მექანიზმის მოფიქრებაა საჭირო, რომ სასიკეთო შედეგი მივიღოთ, რადგან გაცვლით კურსს ხელოვნური ჩარევა არ უყვარს. ამიტომ შეზღუდვებზე კი არა, ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებასა და დივერსიფიცირებაზე უნდა ვიფიქროთ.

სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს „თავისუფალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელ პაატა შეშელიძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ დედოლარიზაცია არც ისე რთული მისაღწევია:

პაატა შეშელიძე -სიტუაციის გამოსასწორებლად არსებობს ერთადერთი და ძალიან მარტივი გზა: დოლარს ქართული ლარი უნდა მიებას მყარი კურსით, რაც ქვეყნის შიგნით დოლარის გამოყენების აუცილებლობას მოხსნის. მცდარია მოსაზრება, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში მცურავი კურსი აუცილებელია. საინტერესოა, ეს ვინ მოიგონა? - საბაზრო ეკონომიკაა ჰონგ-კონგშიც, სინგაპურშიც და ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებში, რომლებიც სწორედ ამ სისტემით მუშაობენ, ვინ მოიგონა, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ასეთი რამ წარმოუდგენელია? თუ ვინმეს სურს, რომ ლარი ჩვენს ქვეყანაში დომინანტი ვალუტა იყოს, მონეტარული პოლიტიკის რეფორმა უნდა ჩაატაროს. აკრძალვები და რეგულაციები გამოსავალი არ არის, რადგან ეს საბაზრო მოთხოვნების შეფერხებას ნიშნავს, მონეტარული რეფორმა კი, პოლიტიკის ძირეულ შეცვლას ისახავს მიზნად. იმისათვის, რომ ლარის ფიქსირებული კურსი შენარჩუნდეს, ის უზრუნველყოფილი უნდა იყოს რეზერვებით. ამ შემთხვევაში შიდა ბაზარზე უცხოური ვალუტის გამოყენებას აზრი დაეკარგება, ლარზე მოთხოვნა გაიზრდება და დოლარს მხოლოდ საერთაშორისო ვაჭრობაში გამოიყენებენ. ვიმეორებ - ეს ყველაზე მარტივი გზაა პრობლემის გადასაჭრელად. ნებისმიერი სხვა გზა იქნება კერძო საკუთრების შეზღუდვა და ფინანსური გარიგებების გართულება, რაც ძალიან დააზიანებს ეკონომიკას. ეს არის ანა-ბანა, ხოლო ის, რომ მცურავი კურსი საბაზრო ეკონომიკის აუცილებელი ატრიბუტია, ტყუილია და სხვა არაფერი.

პაატა შეშელიძის აზრით, საქართველოში მცურავი კურსი არ არსებობს, რადგან ეს არის კურსი, რომელსაც ეროვნული ბანკი თავისი ნება-სურვილის მიხედვით აწესებს: „მცდარია მოსაზრება, რომ ეროვნული ვალუტის კურსს ჩვენი ეკონომიკა განსაზღვრავს, მას ქვეყნის მთავრობა და ეროვნული ბანკი აწესებს, ეკონომიკა აქ არაფერ შუაშია“ - აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „თავისუფალი ეკონომიკური სკოლის“ ხელმძღვანელმა.

ხათუნა ჩიგოგიძე