"ეკონომიკური თვალსაზრისით ახლა არის არაორდინალური და აქტიური ნაბიჯების გადადგმის დრო"

თუ რაიმე წინაპირობა შესაძლოა იყოს ეკონომიკური განვითარებისთვის, რომელსაც ხელს შეუწყობს მთავრობა, ყველა ასეთი პირობა უზრუნველყოფილია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით ახლა არის არაორდინალური და აქტიური ნაბიჯების გადადგმის დრო. „თუ რაიმე წინაპირობა შესაძლოა იყოს ეკონომიკური განვითარებისთვის, რომელსაც ხელს შეუწყობს მთავრობა, ყველა ასეთი პირობა უზრუნველყოფილია. ახლა არის არაორდინალური და აქტიური ნაბიჯების გადადგმის დრო. როგორი იქნება ეს ნაბიჯები, ამის თაობაზე მე ვერ მოგახსენებთ. თუმცა, როგორც საარჩევნო პროცესმა და გამოკითხვებმა, ასევე იმ ურთიერთობებმა, რაც მაქვს ახლობლებთან და თქვენც გაქვთ, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად აჩვენა ეკონომიკა, დასაქმება. ეს არის ის, რითაც ყოველდღიურად არის შეწუხებული ჩვენი მოქალაქე. მე მხარს დავუჭერ მთავრობის აქტიურობას ამ მიმართულებით“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მანვე კონკრეტული მიმართულებები ჩამოთვალა, თუ სად ხედავს მთავრობის ხელშეწყობას ეკონომიკური განვითარების კუთხით: „მოდით შევხედოთ მთავრობას, რომელიც სამშაბათს იქნება წარმოდგენილი: მათ გააჩნიათ სულ ახლახან განახლებული ძლიერი პოლიტიკური მანდატი, მე ვიტყოდი ძალიან ძლიერიც კი, საკონსტიტუციო უმრავლესობის თვალსაზრისით. არსებული პოლიტიკური გუნდი, პრემიერ-მინისტრი, გამომდინარე იმ ცოდნიდან, რაშიც ის კომპეტენტურია განსაკუთრებით, ეს არის ეკონომიკური მიმართულება. ძლიერია მისი ეკონომიკური გუნდი. ბიზნესსაზოგადოების მხარდაჭერა ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირებულია. არამარტო დაფიქსირებულია, პირადად მე, როდესაც ბიზნესმენების აზრს ვისმენ, ისინი კეთილგანწყობილები არიან კვირიკაშვილის მიმართ. მთავრობის თანამშრომლობა ეროვნულ ბანკთან - თუ აქამდე მუდმივად იყო საუბარი გარკვეულ გადაბრალებებზე, ახლა ჩვენ გვყავს ახალი პროფესიული ეროვნული ბანკი, რომელიც თანამშრომლობს მთავრობასთან. შრომის კოდექსის თვალსაზრისით, ძალიან ლიბერალური შრომის კოდექსი გვაქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.