გაზზე მომუშავე მანქანების ტექდათვალიერება გადავადდა

აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ვადა შეიცვალა. 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ტექდათვალიერების ვალდებულება ძალაში ვერ შევა, მაგრამ არც ის არის ცნობილი, რეალურად რა დროიდან დაწესდება ტექდათვალიერების ვალდებულება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ფაქტია, რომ რეფორმამ ვერ იმუშავა, წლის ბოლოა და აკრედიტებული ცენტრების მიერ შემოწმებული მანქანების რაოდენობა 200 ერთეულს ვერ აჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ გაზზე მომუშავე ავტომფლობელები მასობრივად უნდა დაჯარიმდნენ ან მთავრობამ სატრანსპორტო რეფორმის წარუმატებლობა აღიაროს.

მთავრობამ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება და აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების პირველი ინსპექტირების ბოლო ვადა შეცვალა. თანაც ისე, რომ საქმის კურსში არც აკრედიტირებული ცენტრები ჩაუყენებია და არც არკედიტაციის ეროვნული ცენტრი, რომელსაც ტექდათვალიერების პროცესის ჩატარების ვალდებულება კანონით აქვს მინიჭებული.

17 ნოემბერს ოფიციალურად ცნობილი გახდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე", საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ".

მთავრობის დადგენილების მიხედვით, იცვლება აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების პირველი ინსპექტირების ბოლო ვადა. კერძოდ, პირვლად ინსპექტირებას 01. 07. 2917 წლამდე, ნაცვლად 24 და მეტი წლის სატრანსპორტო საშუალებების და საზოგადოებრივი ტრანსპორტისა, დაექვემდებარება 20 და მეტი წლის სატრანსპორტო საშუალებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომპანია "აირბალონის" ხელმძღვანელმა ნონა ქართველიშვილმა საკანონმდებლო ცვლილების შესახებ პირველად "რეზონანსისგან" შეიტყო. ის მიიჩნევს, რომ მთავრობა შეცდომას უშვებს, რადგან აირბალონებზე მომუშავე მანქანების უმეტესობა ტექნიკურად გაუმართავია და ათასობით ადამიანი, ვინც კი ამ სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობს, საფრთხეს უქმნის არა მარტო საკუთარ სიცოცხლეს, გარშემომყოფთაც.

"მთავრობის ინიციატივამ, რომ ტექდათვალიერების ვადა გადაეწიათ, ძალიან შემაშფოთა. შეიძლება, ამ შემთხვევაში ჩემი, როგორც კომპანიის ხელმძღვანელის ინტერესი გამაჩნია, მაგრამ საფრთხეც დიდია. დროზე თუ არ მოგვარდება ეს პრობლემა, აფეთქდება მანქანები, ამას დიდი გულისწუხილით ვაცხადებ, რადგან ვიცი რა მდგომარეობაც არის ქალაქში აირბალონებზე მომუშავე მანქანებთან დაკავშირებით. კატასტროფული მდგომარეობაა ქალაქში და მძღოლები, ფაქტობრივად, ნაღმზე ზიან.

არ ვიცი რა მოდელის შემუშავებაზე არის საუბარი, რა მიზნით გადაიწია ვადამ, თუმცა დანამდვილებით შემიძლია თქმა, რომ ტექდათვალიერების ერთიან სისტემაში ჩვენი გაერთიანება წარმოუდგენელია. აირბალონზე მომუშავე მანქანების ტექდათვალიერება აბსოლუტურად განსხვავებულია. ერთი პრობლემაა ძველი, ვადაგასული ბალონები, მაგრამ ამავე დროს მეორე ასევე სერიოზულ საფრთხეს ქმნის კუსტარულად დამზადებული სისტემის მონტაჟი ავტომობილებში. ფაქტობრივად, უნდა ველოდოთ, როდის რომელი მანქანა აფეთქდება",- აცხადებს ნონა ქართველიშვილი.

მისი ინფორმაციით, კომპანიაში უკვე შემოწმებული მანქანების რაოდენობა 185-ს აღწევს, ხოლო პარტნიორ კომპანიაში, რომელიც ასევე აკრედიტირებულ ცენტრს წარმოადგენს, ჯერჯერობით მხოლოდ 35 მანქანის შემოწმება მოხერხდა.

"მძღოლის ლოგიკა მარტივია. ამბობენ, რომ აქამდე არ აფეთქებულან და არც ახლა ემუქრებათ საფრთხე. მესმის, ფასიდან გამომდინარე იკავებენ თავს, მაგრამ ასეც ხომ არ შეიძლება? სადაც კი გამოვდივართ, ყველგან ვსაუბრობთ, რომ კატასტროფულად მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ რეალურად არაფერი იცვლება. ჯარიმის მომხრე არ ვარ, მაგრამ შესაძლებელია ისიც, რომ გამაფრთხილებელი რეიდები მოაწყონ, რათა დარწმუნდნენ, რეალურად რა პრობლემასთან გვაქვს საქმე.

ჩაიხედონ, რა ხდება მანქანებში, ჩაქუჩის ხის ტარით დამაგრებული ბალონიც მინახავს და უარესიც, რაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება აფეთქების მიზეზი გახდეს. აკრედიტაციის დეპარტამენტში საქმის კურსში არ არიან. როგორ შეიძლება ისე შეცვალონ დადგენილება, რომ აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს ინფორმაცია არ ჰქონდეს", - აცხადებს ქართველიშვილი.

სპეციალისტების შეფასებით, ტრანსპორტის სფეროში რეფორმამ ვერ გაამართლა და ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ტექდათვალიერების ვადასთან დაკავშირებით გაურკვევლობაა. "ეკო-ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს ტრანსპორტის პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყება, რომელსაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია.

ურუშაძის განცხადებით, მთავრობა ცდილობს, რომ აირბალონიანი ავტომანქანების შემოწმება ტექდათვალიერების ერთიანი სისტემის ნაწილი გახდეს, რაც არასწორი დამოკიდებულებაა.

"ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინსპექტირება არაეფექტური აღმოჩნდა და ეს ჩვენი მონიტორინგითაც გამოვლინდა. მთავრობა ამ რეფორმის გატარებას 2015 წლიდან ცდილობს, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ განახორციელა. საქართველოში სულ 2 ტექნიკური ცენტრია, რომელმაც აკრედიტაცია გაიარა და 200-მდე მანქანა, რომელსაც ტექნიკური დათვალიერება ჩაუტარდა. ეს არის საგანგაშო სტატისტიკა. ამ დროს, ქვეყანაში 400 000-მდე ბუნებრივ აირზე მომუშავე მანქანა მოძრაობს.

წესით, საჯარიმო სქემა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. ცხადია, მძღოლებს მასობრივად ვერ დააჯარიმებენ. ეს არ არის საზოგადოების პრობლემა. ხელისუფლების არასწორი მიდგომაა რეფორმისადმი, საზოგადოებასთან, კერძოდ, მძღოლებთან ნულოვანი კომუნიკაციის პრობლემაა. ასეთი მიდგომით რეფორმის გატარება შეუძლებელია. ელემენტარულად, ქვეყანას არ ყავს ტრანსპორტის პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყება, ტრანსპორტის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პოლიტიკური პირი დამოუკიდებლად საუბრობს იმ პრობლემაზე, რომელიც აირბალონიანი ავტომობილების სავალდებულო დათვალიერებას უკავშირდება. რამდენადაც ვიცი, საუბარია, რომ ჩვეულებრივი ტექნიკურ დათვალიერებისა და აირბალონებზე მომუშავე მანქანების ტექდათვალიერების პროცესი ერთიან სისტემაში მოაქციონ, რაც არასწორია", - აცხადებს ურუშაძე და დასძენს, რომ უცნობია, რა ვადაში შევა ძალაში ტექდათვალიერების ვალდებულება.

"ვერ გავარკვიე, რა ბედი ეწევა გაზზე მომუშავე ავტომანქანების სავალდებულო ტექდათვალიერების პროცესს, რომელიც იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. რელობა ისეთია, რომ მძღოლებს ჯერჯერობით ვერ დააჯარიმებენ. ამასობაში კომპანიებიც დაზარალდნენ, რადგან ინვესტიცია ჩადეს და დაზარალდნენ", - დასძენს ვასო ურუშაძე.

ინსპექტირების ახალ ვადებთან დაკავშირებით სიტუაციაში გარკვევას "ბიზნეს-რეზონანსი" მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა. საბოლოოდ აღმოჩნდა, ამის შესახებ რეალურად არც სამთავრობო სტრუქტურაში იციან. აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში ოფიციალურად არაფერს საუბრობენ, ხოლო პირად საუბრებში უწყების წარმომადგენელმა სრულიად გულახდილად აღნიშნა, რომ ნორმატიული ცვლილების შესახებ მათაც პირველად გაიგეს.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"