მობილური აპლიკაცია გასაღების ნაცვლად - ქართველი მოსწავლეების გამოგონება

თუ ყოველდღიურად გასაღებების ასხმის ტარება დისკომფორტს გიქმნით, ქართველი ძმების გამოგონება სწორედ თქვენთვისაა. საბა და ვიტალი დიდიძეები მეცხრე კლასის მოსწავლეები არიან, მათი პროექტი თანამედროვე ადამიანის ცხოვრების გამარტივებას ისახავს მიზნად.

21-ე საუკუნეში ტექნოლოგიური კომპანიები მუდმივად ქმნიან პროდუქტებს, რომლებიც ცხოვრებას მეტად ავტომატიზირებულსა და მარტივს ხდიან. ასეთია ქართველი ძმების პროექტიც - Smart Key (ჭკვიანი გასაღები).

"თანამედროვე ცხოვრების წესი ადამიანს აიძულებს, რომ ბევრი ნივთი ატაროს თან. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი გასაღებია. ჩვენ ამ პრობლემის გადაჭრა გადავწყვიტეთ და გასაღების ფუნქცია შევუთავსეთ სმარტფონს," - ambebi.ge-სთან საუბარში განმარტავს მე-9

კლასელი საბა დიდიძე.

Smart Key ორი ნაწილისგან შედგება. ერთი არის სპეციალური მოწყობილობა, რომელიც კარებზე მაგრდება და მეორე - მობილური აპლიკაცია. ელექტრონულ საკეტს ექნება ინდივიდუალური კოდი. კარის გაღება მობილური აპლიკაციისა და იმავე კოდის საშუალებით მოხდება.

"კარების შიგნიდან გაღება ჩვეულებრივად მოხდება. გარედან კი მხოლოდ ამ კოდის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხი. ამ ეტაპზე სწორედ უსაფრთხოების გაძლიერებაზე ვმუშაობთ. ეს პრობლემაც რომ მოგვარდება, უკვე მის პრაქტიკაში გადატანასა და წარმოებაზე მუშაობის დაწყებას შევძლებთ," - აღნიშნავს მოსწავლე-გამომგონებელი.

ძმების გათვლით, სპეციალური ელექტრონული საკეტის შექმნა დაახლოებით 150 დოლარი დაჯდება. ისინი პროექტზე 5 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE