ინოვაციების სააგენტომ უფასო ტრენინგების ციკლის ფარგლებში 133 ტრენერი და 1,100-მდე IT სპეციალისტი გადაამზადა

„ჩვენს მიერ გადამზადებული ტრენერების უმეტესობა სხვადასხვა ლაბორატორიების საქმიანობაში ჩაერთნენ, დასაქმდნენ სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებში“.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით უფასო ტრენინგების ციკლი ჩაატარა, რომლის ფარგლებში უკრაინული ტრენინგ ცენტრის Skill Up -ის ტრენერების მიერ 186 ტრენერი მომზადდა, მათგან 133-მა გიარა სერტიფიცირება. მომზადებულმა ტრენერებმა - 1,100-მდე IT სპეციალისტს, 9 მიმართულებით ჩაუტარეს ტრენინგები.

ტრენინგების პროგრამის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში კონკურენტული ადამიანური რესურსის შექმნა, რომელსაც მაღალი პოტენციალი ექნება საერთაშორისო ბაზარზე. პროექტი ეხმიანება საქართველოს მთავრობის სტრატეგია -2020-ს, რომლის ფარგლებში 2020 წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით 40 000 IT სპეციალისტი უნდა დატრენინგდეს.

პროექტი საკმაოდ მასშტაბურია, სპეციალისტები დატრენინგდნენ რეგიონებშიც: ოზურგეთში - გორი, ქსანში და სამტრედიაში. 2016 წლის ბოლოს დაგეგმილია ტრენინგები ზუგდიდში, მცხეთაში, ხაშურში, გორსა და კიდევ სხვა უამრავ მცირე თუ დიდ რეგიონებში.

78 სპეციალისტი დატრენინგდა, ასევე, საჯარო სკოლებში. ტრენინგები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და მომავალშიც სააგენტო არაერთი ტრენერისა თუ სპეციალისტის მომზადებას გეგმავს.

რა ახალი სპეციალობები აითვისეს ტრენინგების საშუალებით სპეციალისტებმა და რომელია დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები, ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსს გიორგი კინწურაშვილს ვესაუბრეთ. 

- უკვე მეორე წელია საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ვმართავთ ტრენინგებს, რომლის იდეაც მომავლის სპეციალობებზე აქცენტირება და ადამიანების ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებით მომზადებაა. დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ტრენდული არის საინფორმაციო ტექნოლოგიები, მათ შორის პროგრამირების მიმართულებით. ეს სპეციალობა ძალიან მოთხოვნადია როგორც საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე საქართველოშიც. ადგილობრივი კომპანიები უკვე აქტიურად გადადიან ვებგვერდების, მობილური აპლიკაციების შექმნაზე, სერვისები ხდება ციფრული, სტარტაპები კი სულ ხშირად ქმნიან IT პროდუქტს.

- ვინ არიან სპეციალისტები, რომლებიც ტრენინგებს უძღვებიან და რა მიმართულებები ისწავლება აღნიშნულ ტრენინგებზე?

- ჩვენ უკვე მოვახდინეთ 133 ტრენერის გადამზადება და სერტიფიცირება 9 მიმართულებით. ახლა ამ ადამიანებს, რომლებიც უკრაინული ტრენინგ ცენტრი Skull-up-ის ტრენერებმა გადაამზადეს, ვეხმარებით, განივითარონ ტრენერის კარიერა და მინიმუმ 40-მდე ადამიანს ჩაუტარონ დაწყებითი დონის ტრენინგები. 2015 - 2016 წლებში ჩვენს მიერ გადამზადებულმა ტრენერებმა 1,100-მდე IT სპეციალისტს 9 მიმართულებით ჩაუტარეს ტრენინგები. ტრენინგების საფუძველზე ისინი დაეუფლნენ ვებ და მობილური აპლიკაციების საფუძვლებს: Front end - ვებ პროგრამირება; ანდროიდი; ჯავა; iOS; PHP; ხარისხის მართვა; პითონი; IT პროექტების მართვა; UX დიზაინი.

- ვის შეუძლია უფასო ტრენინგების კურსში მონაწილეობა და არის თუ არა ასაკობრივი ზღვარი?

- ტრენინგი ცხადდება ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს დაეუფლოს ყველა ჩვენს მიერ ჩამოთვლილ სპეციალობებს და განავითაროს საკუთარი უნარები შემდგომში წარმატებულად დასაქმების მიზნით. ასაკობრივი ზღვარი დაწესებული ფაქტობრივად არ გვაქვს, ვინაიდან ჩვენს ტრენინგში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებსაც შეუძლიათ - ვიღებთ ყველას 15 წლიდან და bpnXX ზემოთ. მთავარია, რომ ადამიანს უყვარდეს ლოგიკური აზროვნება, მათემატიკა და ჰქონდეს მოტივაცია, გაიაროს კურსი ბოლომდე. ასევე ბევრი მონაწილე გვყავს რეგიონებიდან - გორიდან, ზუგდიდიდან. მსურველებს ვურჩევ თვალი ადევნონ ჩვენს ფეისბუქის გვერდს, სადაც მუდმივად იდება ინფორმაცია დაგეგმილი ტრენინგების შესახებ, აქვე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ სასურველ ტრენინგზე. დარეგისტრირება ასევე შესაძლებელია „ტექნოპარკის“ ვებგვერდის მეშვეობითაც.

- რამდენს ხანს გრძელდება ერთი კურსი?

- თითოეული კურსი გრძელდება 1-1,5 თვე, ჯამში 40 საათი. მონაწილეებს 2-3 საათიანი ლექცია უტარდებათ. ერთი სპეციალობის მიმართულებით კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ასევე უფლება აქვთ გაიარონ მეორე კურსი სხვა სპეციალობის განხრით.

- რაიმე სიახლეებს თუ სთავაზობს ამ ეტაპზე, ან მომდევნო ეტაპებზე კურსი მსურველებს?

- ტრენინგების კურსს რამდენიმე ახალი მიმართულება დავამატეთ, მათ შორის პროგრამირების ენა - პითონი (Python), რომელზეც ვებგვერდები და აპლიკაციები ეწყობა. ასევე PHP - ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება და UX დიზაინი. ამ ეტაპზე გვაქვს 9 მიმართულება, თუმცა მუდმივად ვახდენთ ახალი მიმართულებების იდენტიფიცირებას და კიდევ ვაპირებთ ახალი მიმართულებების დამატებას. უახლოეს მომავალში იგეგმება 3D და 2D მოდელირების მიმართულებით გრაფიკოსების ტრენინგები, მიკროელექტრონიკა და ინჟინერია, ვებპროგრამირების ენები, მათ შორის Xamarin-ის (ქსამარინი). ასევე მუდმივად ვატარებთ კვლევებს, თუ რა მიმართულებებია მოთხოვნადი კომპანიების მხრიდან.

ყველა მიმართულებით ტრენინგი არის უფასო და მისი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება სასურველი სპეციალობების მიმართულებებით გაიაროს პირველი ეტაპი, მოსინჯოს ძალები. ასევე გაერკვეს, როგორ უნდა დაიწყოს ამ სპეციალობების განვითარება და გადაწყვიტოს, არის თუ არა ეს მისი სპეციალობა. ამის შემდეგ მას შეუძლია უკვე სიღრმისეულად ისწავლოს ამ მიმართულებით.

- რომელია ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები ამ ეტაპზე?

- ყველაზე მოთხოვნადი ამ ეტაპზე არის PHP და პითონი, რომელზეც 3-4 დღეში 200-მდე მსურველი დარეგისტრიდა, ასევე ანდროიდ აპლიკაციების შექმნა. კომპანიების მხრიდან კი ყველაზე მოთხოვნაში PHP დეველოპერია.

- სად ახდენენ საკუთარი უნარების რეალიზებას კურსდამთავრებულები?

- ჩვენ ძალიან ბევრი წარმატებული ქეისი გვაქვს. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ტრენერების ტრენინგი არის ძალიან წარმატებული, რადგან ამ სპეციალობით მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ჩვენს მიერ გადამზადებული ტრენერების უმეტესობა სხვადასხვა ლაბორატორიების საქმიანობაში ჩაერთნენ, დასაქმდნენ ჯეოლაბში და სხვადასხვა კომპანიებში. გვყავდა ისეთი ადამიანებიც, რომელთაც ნულიდან დაიწყეს, მოვიდნენ სხვა სფეროდან, ტრენინგის გავლის შემდეგ კი წამყვან კომპანიებში, მათ შორის საერთაშორისო კომპანიებში დასაქმდნენ. მაგალითად, ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც აბსოლუტურად სხვა სფეროდან მოვიდა, ჩვენთან გაიარა ხარისხის მართვის ტრენინგი, რის შემდეგაც კვალიფიკაცია უკრაინაში აიმაღლა, ახლა კი თავად ასწავლის.

- ესე იგი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნულიდან დაწყება შესაძლებელია?

- რა თქმა უნდა, თუ ამის სურვილი და მონდომება არსებობს. თუმცა, ამავდროულად ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან პირველ ეტაპზე ხდება საბაზისო ცოდნის მიღება რაც შემდგომ გაუჩენს მომზადებულ ტრენერებსა და სპეციალისტებს მოტივაციას, გაიღრმავონ მიღებული ცოდნა სხვადასხვა ტრენინგ ცენტრებსა თუ სასწავლებლებში და საბოლოოდ მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. სექტემბრის ბოლო სააგენტომ მოაწყო IT დასაქმების ფორუმი, სადაც 30-მდე კომპანია და დასაქმების 200-მდე მაძიებელი იყო. ბევრი კომპანია დაინტერესდა ამ ადამიანებთან თანამშრომლობში, ზოგი დასაქმდა კიდეც, ზოგი სტაჟირებაზეა. მომავალში უფრო მასშტაბური დასაქმების ფორუმის მოწყობას ვგეგმავთ უშუალოდ ტექნოპარკში.

- ვინ არიან კომპანიები, რომლებთანაც თანამშორმლობთ?

- ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ როგორც სტარტაპკომპანიებთან, ისე ბაზრის ლიდერ, ადგილობრივ, IT კომპანიებთან, ბანკებთან, სადაზღვევო ჯგუფებთან, კიბერუსაფრთხოების სააგენტოსთან, რომელთაც სურს თავიანთი IT ჯგუფებისა და პროგრამისტების გადამზადება.