მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში ფინანსთა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრები აღარ არიან

ის ადამიანები, რომლებიც ახალ მინისტრთა კაბინეტში არ არიან წარმოდგენილი, მნიშვნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს, როცა მსოფლიოში მოვლენები სწრაფი ტემპებით იცვლება, სწრაფად ვითარდება გარემოებები, ქეყნის წინაშე ყოველდღიურად დგება ახალი გამოწვევები. კვირიკაშვილის თქმით, ქვეყანა ვალდებულია ამ გამოწვევებს ახალი ენერგიით, სწრაფი და ეფექტიანი ქმედებებით ვუპასუხოთ.

”მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრთა კაბინეტის ძველ შემადგენლობას, რომლებთან ერთადაც ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ და რომლის თითოეულ წევრთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებს, უპირველეს ყოვლისა კი, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნებიან წარმოდგენილი, მაგრამ დარჩებიან ჩვენი გუნდის წევრებად და მნიშვნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გაწეული სამუშაოსთვის და ფინანსთა სამინისტროს ღირსეული ხელმძღვანელობისთვის ნოდარ ხადურს მადლობა გადაუხადა. რაც შეეხება ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ ილია ელოშვილს, კვირიკაშვილის თქმით, ის კვლავ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე გააგრძელებს მუშაობას.

გიორგი კვირიკაშვილმა გაწეული საქმიანობისთვის ნოდარ ჯავახიშვილს მადლობა გადაუხადა.

მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში აღარ არიან: ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური, ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და დიასპორის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე.