კახა ოქრიაშვილი : „არ მგონია ამ გარიგებამ სააფთიაქო ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვიოს”

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, სააფთიაქო ქსელ „ჯიპისის“ შემდეგ, ქვეყანაში სიდიდით მესამე სააფთიაქო ქსელს, „ფარმადეპოსაც“ ყიდულობს. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რას შეცვლის ეს გარიგება ფარმაცევტულ ბაზარზე და შემცირდება თუ არა კონკურენცია.

როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი სააფთიაქო ქსელის „პე-ეს-პე-ს“ დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი ამბობს, უკვე 3-4 წელია „ფარმადეპო“ და „ევექსი“ (რომელიც ჯანდაცვის ჯგუფის მფლობელობაშია) სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში არიან, რაც არავისთვის ყოფილა დამალული.

„თუ „ევექსს“, სადაზღვევო კომპანია „იმედი L-ს“; „საქართველოს ბანკსა“ და ფარმაცევტულ კომპანიას შორის საბაზრო პრინციპები იქნება დაცული, არ მგონია ამ გარიგებამ სააფთიაქო ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვიოს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩვენ უფრო დიდი ბრუნვა გვაქვს, ვიდრე „ფარმადეპოს“ და „ჯიპისის“ ერთად,“- ამბობს ოქრიაშვილი.

მისივე ცნობით, გარიგება მოწმობს, რომ ბაზარზე მაღალი კონკურენციაა, რის შედეგადაც კომპანიები კოტრდება და ბანკის ხელში გადადის.

„პე-ეს-პე“-ს რაოდენობრივად ყოველთვის ნაკლები აფთიაქი ჰქონდა სხვა კომპანიებთან შედარებით, მაგრამ მაღალი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს. ქსელის გაფართოებას რაც შეეხება, მნიშვნელოვან რაოდენობრივ ზრდას არ ვაპირებთ,“- აღნიშნა ოქრიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოსჯანდაცვის ჯგუფი (GHG) ”ბიჯეო ჯგუფს” (BGEO Group) ეკუთვნის, რომლის საკუთრებაშიც ამ დროისათვის შემდეგი კომპანიებია: „საქართველოს ბანკი“, საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, სამშენებლო კომპანია „m2“; კომპანია GGU, რომელიც თავის მხრივ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელია და ღვინის კომპანია „თელიანი ველი“.