"ახალი მთავრობის ფორმირების პროცესში მთავარი აქცენტი „ქართული ოცნების“ 4-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე გაკეთდა"

ახალი მთავრობის ფორმირების პროცესში მთავარი აქცენტი „ქართული ოცნების“ 4-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე გაკეთდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა. ძიძიგურის აზრით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა სამთავრობო გუნდი იმ პრინციპით დააკომპლექტა, რომ წინასაარჩევნო გეგმის და პროგრამის ეფექტურად განხორციელება გახდეს შესაძლებელი.

„ჩვენთვის ცნობილია, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა, 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მოიცავს ქვეყნის სწრაფ განვითარებას, ეკონომიკურ წინსვლას, სწრაფი ტემპებით ინფრასტრუქტურულ მშენებლობას, განათლების მიმართულებით რეფორმის გატარებას, სწორედ ამის მიხედვით შეირჩა მთავრობის განახლებული შემადგენლობა. გიორგი კვირიკაშვილმა ამ პრინციპით შეარჩია მინისტრობის კანდიდატები. ქვეყანაში ეკონომიკური მიმართულებით უნდა მოხდეს გარღვევა, უნდა განხორციელდეს რეფორმები, სწრაფი განვითარება, რაც ჩვენს მოქალაქეებს მოუტანს კეთილდღეობას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად ძიძიგურმა.

„ქართული ოცნების“ მთავრობაში ცვლილებები ძირითადად ეკონომიკური მიმართულებით განხორციელდა. კერძოდ, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის. თავად დიმიტრი ქუმსიშვილს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარია შეცვლის, ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას ნოდარ ჯავახიშვილის ნაცვლად ზურაბ ალავიძე დაიკავებს, მთავრობაში, ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ბრუნდება კახა კალაძე, მთავრობის ახალი წევრია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ჩაიბარებს. მთავრობაში აღარ იარსებებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.