ნოდარ ჯავახიშვილი - „ქართუ ბანკში“ არ ვბრუნდები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი არ ასახელებს, სად გააგრძელებს საქმიანობას, თუმცა აცხადებს, რომ „ბანკ ქართუში“ არ ბრუნდება. „სად გავაგერძელებ საქმიანობას ის პიროვნება იტყვის, ვისაც ხელეწიფება ან ევალება ამ განცხადების გაკეთება. ვნახოთ, დავრჩები თუ არა სახელმწიფო სამსახურში“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ახალი შემართების საჭიროებას შეეხებოდა, ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ყოველთვის ყველგან საჭიროა.

„ვერ მივალთ ჩვენ იმ დრომდე, როცა რომელიმე ადგილას ახალი შემართება არ დაგვჭირდება. ასე რომ, არა მგონია აქ უფრო ღრმააზროვანი რაღაც იყოს. მე ვფიქრობ, სწორად ვიმუშავეთ ეს ორი წელი და ასევე აფასებს ამას პრემიერ-მინისტრიც“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.