"ეკონომიკური გუნდის შემადგენლობაში ბევრი არაფერი შეცვლილა"

ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის ახალ შემადგენლობაში ბევრი არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, მექანიკური გადანაცვლება მოხდა.

როგორც  ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ განაცხადა, მათი მუშაობის შედეგებს მომავალი გვიჩვენებს, თუმცა ცომაიას მოცემულ მომენტში დიდი მოლოდინი არ გააჩნია.

„ჩემი აზრით, ბევრი არაფერი შეცვლილა, უბრალოდ მექანიკური გადანაცვლება მოხდა. ერთადერთი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ახალი ადამიანით ჩანაცვლდა. ის, რაც „ქართული ოცნების“ პროგრამაში იყო წარმოდგენილი, თუ რითი აპირებდა აღნიშნული პოლიტიკური პარტია ეკონომიკური ზრდის მიღწევას, ამასთან დაკავშირებით მე ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს. ვფიქრობ, რომ პროგრამაში მითითებული პუნქტების შესრულება და იმ მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაისახა. ამას ცოტა სხვა ტიპის კომპლექსური ღონისძიებები სჭირდება“, - განაცხადა ცომაიამ.

აკაკი ცომაიამ თითოეული კანდიდატის შეფასებისგან თავი შეიკავა და იქვე დასძინა, რომ მათი საქმიანობა დროებამ, გარემოებამ და ასევე იმან უნდა შეაფასოს, თუ როგორ იმუშავებს თითოეული ადამიანი კონკრეტულ თანამდებობაზე.

„ჩვენ გვაქვს გამოცდილება ვთქვათ, რომ ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის ამ პოსტზე მუშაობას პირადად მე, მაინცდამაინც დადებითაც ვერ შევაფასებ. იქედან გამომდინარე, რომ იმ პერიოდში სინამდვილეში ბევრი ენერგეტიკული პროექტი გაჩერდა და საერთოდ ენერგოსექტორი საქართველოში ინვესტიციების მხრივ მაინცდამაინც არამიმზიდველი გახდა მაშინ, როდესაც მანამდე ენერგეტიკის სექტორი ითვლებოდა ერთ-ერთ ლოკომოტივად ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით“, - განაცხადა ცომაიამ და დასძინა, რომ მას მოცემულ მომენტში დიდი მოლდინი არ აქვს, თუმცა „რა, როგორ და რანაირად იქნება, ამას მომავალი გვაჩვენებს“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დღეს წარადგინა. მინისტრთა კაბინეტში ძირითადი ცვლილებები ეკონომიკურ გუნდს ეხება. უფრო კონკრეტულად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიაა წარდგენილი, რომელსაც, შესაბამისად დეპუტატის მანდატის დატოვება მოუწევს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი კი, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტროს ჩაიბარებს და ნოდარ ხადურს შეცვლის. ქუმსიშვილი ასევე შეინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

გარდა ამისა, ენერგეტიკის სამინისტროში დაბრუნდება უწყების ყოფილი ხელმძღვანელი კახა კალაძე, რომელსაც ამ ეტაპზე პარლამენტის ახალარჩეული დეპუტატის სტატუსი აქვს. კალაძე ასევე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

ასევე, ცვლილება შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სადაც უწყების ამჟამინდელ ხელმძღვანელ ნოდარ ჯავახიშვილს ზურაბ ალავიძე ჩაანაცვლებს. ალავიძე ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა.