აჭარაში თუნუქის სახურავების მწარმოებელი საწარმო ფუნქციონირებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ახალი საწარმო ,,ხახუტა” დაათვალიერეს და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ. როგორც  აჭარის მთავრობიდან იუწყებიან, საწარმოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს შპს ,,ხახუტას“ დირექტორმა ნოდარ შერვაშიძემ გააცნო. საწარმო თუნუქის სახურავებსა და პროფილებს აწარმოებს და ასევე წიბოების ლამინირებას ახორციელებს.

ახალი საწარმო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში წელს ამოქმედდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ინვესტორმა 427 000 დოლარი დაფინანსება მიიღო და ხელშეკრულების მიხედვით 1200კვ.მ ტერიტორიაზე საწარმო მოაწყო. დღეისათვის საწარმოში ჯამში 80 მოქალაქეა დასაქმებული და კომპანიის განცხადებით, ეს ციფრი კიდევ გაიზრდება.

აჭარის მთავრობის ცნობით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, პროექტ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში რეგიონში 8 საწარმომ ისარგებლა და გააფართოვა თავისი წარმოება.