”ოთხი წლის განმავლობაში უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ”

შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა.

„ჩვენი ძირითადი მიმართულება არის მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის კომპონენტი. ვგეგმავთ უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ეს არის დაახლოებით 800 კილომეტრი ჩქაროსნული მაგისტრალები, ხიდები, ესტაკადები, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, მყარი ნარჩენების მართვა და მრავალი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც სამინისტრო ახორციელებდა და გავაგრძელებთ“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

რაც შეეხება შესაძლო საკადრო ცვლილებებს სამინისტროში, ალავიძის თქმით, ამის შესახებ საკომიტეტო მოსმენების შემდეგ განაცხადებს.