ჯიღაურას კოლექციას ხეხილის სხვადასხვა ჯიშის ნერგები შეემატება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს სამუშაო ვიზიტით ესპანური სანერგე კომპანიის La Encina მფლობელი ხუარეს ფერერა ესტუმრა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ესპანელ სტუმარს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა მეხილეობისა და მემცენარეობის მიმართულებებით ერთობლივი სამეცნიერო კვლევების წარმოების, ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელება განიხილეს და თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ.

მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი სანერგე მეურნეობა La Encina გამორჩეულია ხეხილოვანი, კაკლოვანი და ციტრუსოვანი კულტურების, აგრეთვე აგროსატყეო და დეკორატიული მცენარეების ნერგების ფართო სპექტრით.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სანერგე კომპანიის La Encina მფლობელმა, ხუარეს ფერერამ სოფელ ჯიღაურაში მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო იქ მიმდინარე კვლევებს.

როგორც ხუარეს ფერერამ განაცხადა, ესპანური კომპანია სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს უსასყიდლოდ გადასცემს ხეხილისა და ციტრუსოვანი კულტურების ნერგების კოლექციას, რომელთა უმეტესობაც საქართველოსთვის ახალ ჯიშებს წარმოადგენს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, ახალი ჯიშის ნერგები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სადემონსტრაციო ნაკვეთებზე (ჯიღაურა, ანასეული და სხვ) გაშენდება.