”წელს საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2015 წლის მონაცემებს ბევრად აჭარბებს”

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, მიმდინარე წელს საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2015 წლის მონაცემებს ბევრად აჭარბებს. როგორც პროფკავშირებიდან იუწყებიან, ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ოფიციალური მონაცემი გამოითხოვა, რომლის თანახმადაც, 2016 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით (მხოლოდ 6 თვის განმავლობაში) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 40 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 33 - მძიმედ დაშავდა.

”სტატისტიკა ძალიან საგანგაშოა, ვინაიდან გარდაცვლილთა რაოდენობა 2015 წლის მთელი 12 თვის განმავლობაში 42 გარდაცვლილს შეადგენდა, ხოლო 2016 წლის მხოლოდ 6 თვეში უკვე 40-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მდგომარეობის ასეთი რადიკალური გაუარესება ხდება იმ ფონზე, როცა სახელმწიფომ 2015 წელს შექმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, თუმცა ის არ აღჭურვა შესაბამისი ეფექტური უფლებამოსილებითა და ვალდებულებებით. პროფესიული კავშირების გაერთიანება კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფო ზომების მიღებისა და ქმედითი შრომის ისნპექციის შექმნისაკენ, რომელსაც ექნება ბერკეტები და უფლება დამსაქმებლისგან დაუკითხავად, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შევიდეს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებში და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ფინანსური და ადმინისტრაციული სანქციები გაატაროს კანონის დამრღვევი კომპანიების წინააღმდეგ. ცვლილები დაუყოვნებლივ განსახორციელებელია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად, და არ არის საჭირო ველოდოთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გაწერილი ხანგრძლივი ვადების ამოწურვას. ყოველი დაყოვნებული დღე მორიგი საწარმოო უბედური შემთხვევის გამომწვევია”, - აცხადებენ პროფკავშირებში.