თხილის ბიზნესმა დიდი დანაკარგი განიცადა

დასავლეთ საქართველოში ფერმერებმა გასულ წელთან შედარებით 3-4-ჯერ ნაკლები მოსავალი მიიღეს

ცნობილია, რომ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიასა და სამეგრელოში, თხილის მოსავალმა არ გაამართლა: წელს ამ რეგიონებში იშვიათად ნახავდით იმ ხარისხის თხილს, რომელიც ექსპორტიორ კომპანიებს ევროპაში გააქვთ. ამის გამო თხილის ბიზნესმაც დიდი დანაკარგი განიცადა და მოსახლეობამ, რომლისთვისაც თხილი შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი, ფერმერი რეზო ჭეიშვილი აცხადებს, რომ მსგავსი რამ გურიაში არ ახსოვთ:

-ბებიაჩემისგან ვიცი, რომ ჩვენი თხილის ბაღი 1906 წელს არის გაშენებული. იმ დროიდან მოყოლებული, ჩვენს ოჯახს თხილი ყოველთვის მოჰყავდა. მეც, ბავშვობიდან ვუყურებ და თხილის ნარგავები ასეთი დაზიანებული ჯერ არ მინახავს. ვფიქრობდი, რომ ჩემი თხილის ბაღი დაძველდა და განახლებას საჭიროებს, მაგრამ ახალგაშენებულ თხილის ბაღებშიც რომ იგივე მდგომარეობაა? ადრე შეწამვლაზე არც მიფიქრია, ახლა კი, გადავწყვიტე, რომ თხილს სათანადოდ მოვუარო და აუცილებლად შევწამლო. ალბათ კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია, რომ გაჩნდა დაავადება, რომელიც ადრე არ ყოფილა. მცენარე ამით ადამიანს ჰგავს: როდესაც კარგი იმუნიტეტი აქვს, ავადმყოფობა ადვილად ვერ მოერევა. თხილის ბაღების დაავადების მიზეზად ისიც სახელდება, რომ ფერმერებმა ქიმიური სასუქების გამოყენება დაიწყეს, რის გამოც პლანტაციები ძალიან დაზიანდა. მე კარგად მახსოვს, კომუნისტების დროს, როგორც კი დეკემბერ-იანვარი მოვიდოდა, თხილის პლანტაციებში ფოსფოროვანი სასუქებიც შეჰქონდათ. გადავწყვიტე, რომ მეც შევიტანო. მარტო მე კი არა, ყველა ფერმერი ფიქრობს, რომ თხილის ბაღებს საფუძვლინად მოუაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ დაბალი ხარისხის თხილს მოვიწევთ, რომელიც ისევ ჩალის ფასად გაიყიდება.

ფერმერების თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა სამეგრელოს რეგიონში. „ბიზნესპრესნიუსი“ ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიას მკვიდრს - მერაბ ფიფიას ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ადგილობრივმა ფერმერებმა 2015 წელთან შედარებით სამჯერ და ოთხჯერ ნაკლები მოსავალი მიიღეს:

- ჩვენი რეგიონის სოფლებში ძალიან ცუდი მდგომარეობაა, მაგალითად, შარშან ჩემს ბაღში 4 ტონა თხილი მოვიდა, წელს კი - მხოლოდ 1 ტონა. უამინდობამ თხილის ნარგავები დააზიანა და დაავადმყოფა, რის შედეგადაც უხარისხო თხილი მივიღეთ.

ფერმერის თქმით, ყველა დარწმუნდა, რომ დაუმუშავებელი თხილი იოლად ზიანდება, ამის გამო მოსახლეობა ცდილობს თხილის ბაღებს საჭირო აგროტექნიკური ღონისძიებები ჩაუტაროს.

მერაბ ფიფია:

„მე ერთი ნაკვეთი მაქვს, რომელსაც სათანადოდ მოვუარე და ძალიან კარგი მოსავალი მივიღე. ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ თხილის პლანტაციის მოვლა საჭირო კი არა, აუცილებელია. ამ ეტაპზე მოკირიანებაა საჭირო, რადგან ჩვენთან მჟავე ნიადაგებია. წელს მჟავიანობას ყინვა და მაღალი ტენიანობაც დაემატა და მოსავალი გაგვინადგურდა. 1 ჰექტარი თხილის ნაკვეთის მოკირიანება დაახლოებით 500 ლარი ჯდება. სამწუხაროდ, მოსახლეობის ნაწილს ფინანსურად ძალიან უჭირს, ამიტომ, რაღაც სახელმწიფო პროგრამა უნდა შემუშავდეს, რომელიც ხალხს მდგომარეობას შეუმსუბუქებს და კარგი მოსავლის მოყვანაში დაეხმარება“.

ოზურგეთის რაიონის მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში - აკაკი ღლონტი ფერმერებს ურჩევს, რომ მიმართონ გამგეობას, სპეციალურ სამსახურებს, სადაც მათ დააკვალიანებენ და აუხსნიან, რა არის საჭირო კარგი მოსავლის მოსაყვანად: „ ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ყველა მცენარეს უჩნდება რაღაც დაავადება - თხილსაც და სხვასაც. წელს თხილის ნარგავებს ყავისფერი სიდამპლე მოერია, სწორედ ამ დაავადების ბრალია ის, რაც მოხდა, თუმცა ზოგან თხილის ნარგავებს ერთდროულად რამდენიმე დაავადება ჰქონდა. იმისათვის, რომ ამ ზარალს თავი ავარიდოთ, ამ ეტაპზე ნიადაგის მოკირიანებაა საჭირო, გაზაფხულზე კი, თადარიგიანმა მეურნემ თხილის შეწამვლა უნდა მოასწროს. თხილის ნერგების გასხვლაც აუცილებელია, რადგან ამ დროს ბაღში ჰაერაცია მეტია და ნესტი არ გროვდება. წელს ჩვენი პლანტაციები შეწამლული და მოვლილი რომ ყოფილიყო, მოსახლეობა ამხელა ზარალს არ მიიღებდა. ყველა მუნიციპალიტეტში არის სამსახური, რომელიც ნებისმიერ ფერმერს დააკვალიანებს და ურჩევს, თუ როგორ მოუაროს თავის მოსავალს. ფერმერებს მუდმივი კავშირი უნდა ჰქონდეთ გამგეობასთან და ამ სამსახურებთან. მაგალითად, ჩვენთან ვინც კი მოდის, ყველას ვაკვალიანებთ და საჭირო რჩევას დაუზარებლად ვაძლევთ“.

აკაკი ღლონტმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ გურიაში თხილს ვინც სწორად უვლიდა, მის მოსავალს არანაირი დაავადება არ გასჩენია: „ გვალვის დროს თხილს დაავადება ნაკლებად უჩნდება, ამით აიხსნება შარშანდელი კარგი მოსავალი. წელს კი, თხილი ჯერ ყინვამ დააზიანა, მერე ამას წვიმებიც დაერთო და მავნებლების თუ დაავადებების გასამრავლებლად საუკეთესო პირობები შეიქმნა. არსებობს ქიმიური წამლები, რომელთა გამოყენებით ამ პრობლემის აღმოფხვრა თავისუფლად შეიძლება, თუმცა საქართველოში არაჩვეულებრივი, ბიოლოგიურად სუფთა პრეპარატები გვაქვს, რომელიც თხილს ძალიან უხდება. როგორც გითხარით, ფერმერებმა უკვე უნდა დაიწყონ ნიადაგის მოკირიანება, თითქმის ყველამ იცის, რომ დასავლეთ საქართველოში მიწა მაღალი მჟავიანობით გამოირჩევა, თხილს კი, მჟავიანობა არ უყვარს“.

ხათუნა ჩიგოგიძე