ბიუჯეტი ასეულობით მილიონ დოლარს კარგავს

საქართველომ ბიუჯეტის მხარდამჭერი უცხოური კრედიტების და გრანტების მიღება ვერ შეძლო. ჯერჯერობით მხოლოდ საგრანტო თანხაა ათვისებული, ისიც 6,2%-ით, რაც თანხობრივად, 7,7 მლნ ლარია. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს,  2016 წელს მისაღები გრანტის დაგეგმილი რაოდენობა კი 125 მლნ ლარია. ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტის სახით ქვეყანას 395 მლნ ლარი უნდა მიეღო, მაგრამ წლის ბოლო ახლოვდება და 1 თეთრიც არ არის შემოსული. რაც შეეხება საგარეო ფინანსურ ვალდებულებებს, 1,075 მლრდ ლარის ნაცვლად, 587 მლნ ლარია მიღებული. გამოდის, რომ გეგმის მხოლოდ ნახევარია შესრულებული.

წლის ბოლომდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და შეიძლება დაგეგმილი გრანტებისა და კრედიტების მიღება ვერც მოხერხდეს, ანუ ქვეყანაში ასეულობით მილიონი დოლარი ვერ შემოვა. ამ თანხის მიღებით საქართველოში დოლარის დეფიციტი აშკარად აღმოიფხვრებოდა, მაგრამ ჯერჯერობით საქმე უკიდურესად რთულადაა. ბიუჯეტის შესავსებად მთავრობა ყოველ კვირა უამრავ ფულს სესხულობს კომერციული ბანკებისგან.

ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების და კრედიტების მიუღებლობის გამო, იანვარ-სექტემბერში საქართველოს დაახლოებით 160 მლნ დოლარის სავალუტო შემოსავალი დააკლდა, რომლის მიღებაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ლარის კურსის სტაბილურობისთვის.

კარგი იქნებოდა ფინანსთა სამინისტროს შეფასება მოგვესმინა თუ რატომ ვერ ხერხდება საგარეო წყაროებიდან თანხის მიღება, თუმცა ეს უწყება ტრადიციულად დუმს. საზოგადოებისთვის საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის გაცემისგან სამინისტრო ყოველთვის თავს იკავებს.

სპეციალისტებს ბიუჯეტის მხარდამჭერი უცხოური გრანტების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. მათი უმეტესობა ამ თანხის მიუღებლობას მთავრობის არასწორი ფინანსური პოლიტიკით ხსნის.

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ფიქრობს, რომ აღებული ვალდებულების შესრულება ლარის სტაბილურობისთვის კარგი იქნებოდა, თუმცა მისი მიუღებლობაც კურსზე ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს.

"ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია, გაგვცეს პასუხი, რატომ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება საგრანტო და საკრედიტო თანხებთან დაკავშირებით. საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტს და პასუხი უნდა მივიღოთ.

საგარეო ვალს ან გრანტს აქვს კონკრეტული მიზნობრიობა. წინასწარ ყოველთვის არის ცნობილი, რა პროექტის დასაფინანსებლად გაიცემა გრანტი და კრედიტი, რადგან ეს თანხა მოდის კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად. არ ხდება ისე, რომ ჯერ მოვიდეს ფული და შემდეგ გამოიყენო რაღაც დანიშნულებით. ამ შემთხვევაში უცნობია, რა პირობაა მიუღებელი სესხის უკან.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ბიუჯეტში საგარეო თანხის ჩაურიცხაობამ ლარის სტაბილურობას საფრთხე ვერ შეუქმნას, თუმცა უცხოური ვალუტის შემოდინება კურსის სტაბილურობისთვის ძალიან კარგი იქნებოდა", - განუცხადა "რეზონანსს" ჯანიაშვილმა.

იგი არ გამორიცხავს, რომ დონორ ორგანიზაციებთან დამოკიდებულება შეიცვალოს, განსაკუთრებით კი, სავალუტო ფონდის მიმართ, თუმცა იქვე დასძენს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

"არ არის სასურველი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა გაგვიფუჭდეს, თუმცა არ ვიქნები წინააღმდეგი, თუკი ასეთი ორგანიზაცია, ვისთანაც ქვეყანა ურთიერთობას არ მოისურვებს, სავალუტო ფონდი აღმოჩნდეს. ამ ორგანიზაციიდან ქართული ეკონომიკისთვის სასარგებლო რჩევას ნაკლებად ვისმენთ. რამდენადაც მახსოვს, 2008 წელს სავალუტო ფონდი გაუშვეს კიდეც ქვეყნიდან, მაგრამ ომის შემდეგ რომ გაგვიჭირდა, სსფ-სგან მილიარდზე მეტი ვისესხეთ.

კრედიტებისა და გრანტების მიმართულებით თანხა, რაც ვერ ავითვისეთ, ევრობანკისა და აზიის განვითარების ბანკისგანაა. საბიუჯეტო ხარჯს სავალუტო ფონდი თითქმის არ აფინანსებს", -აცხადებს ჯანიაშვილი.

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ რაკი ამ თანხის მიღება ვერ ხერხდება, სახელმწიფომ აქცენტი ინვესტიციებზე უნდა გააკეთოს. ექსპერტ პაატა აროშიძის განცხადებით, ეკონომიკურად და პოლიტიკურადაც ძალიან რთული წელი იყო და ხელისუფლებამ საგარეო ფინანსურ ვალდებულებებს ჯეროვანი ყურადღება ვერ მიაქცია.

"გრანტების და კრედიტების აუთვისებლობა ძალიან ცუდია, თუმცა სხვა აქტივობით შეიძლება ფინანსური რესურსის მიღება. ეს შეიძლება იყოს ეკონომიკური ზრდა, ახლად დარეგისტრირებული საწარმოებისგან გადახდილი თანხა, ინვესტიციები და სხვა. ჩემი აზრით, უცხოური კაპიტალის შემოსვლაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უცხოელ დონორთა მიერ ყურადღება შემცირდეს საქართველოს მიმართ. შეიძლება, მომავალ წელს უფრო აქტიურად ვიმუშაოთ და მათ მიერ ჩადებული თანხა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდეს. მომავალში უფრო ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ნაკისრ ვალდებულებას", - აცხადებს აროშიძე.

"ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტის პაატა შეშელიძის შეფასებით, შიდა ვალის აღება უფრო მეტი პრობლემაა ქვეყნისთვის, ვიდრე საგარეო თანხის აუთვისებლობა.

"გაცილებით მნიშვნელოვანია, შიდა ვალი და ისიც, რეალურად შემოდის თუ არა კერძო ინვესტიციები ქვეყანაში. ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით რუსეთიდან შემოსული თანხის მიმართ მაქვს - ნამდვილად კერძო ინვესტიციაა თუ პოლიტიკურ ინტერესს უკავშირდება? ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი და არა ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები სახელმწიფოს მიაწვდიან თუ არა ფულს. ბევრად უკეთესი იქნება, საერთოდ არ გვჭირდებოდეს საგარეო სესხის აღება და ქვეყანას არსებული გამოწვევებისთვის თავის გართმევა დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით შეეძლოს", - აღნიშნა პაატა შეშელიძემ.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"