„მისიის ადამიანი“ თბილისში საჯარო ლექციას გამართავს

საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, კომუნიკაციის, მარკეტინგისა და სოციალური პასუხისმგებლობის სფეროს ცნობილი ექსპერტი, თომას ქოლსთერი თბილისში საჯარო ლექციას - „მარკეტინგის ახალი პარადიგმა და სოციალური პასუხისმგებლობის შესაძლებლობები” წაიკითხავს.

ღონისძიება 25 ნოემბერს, სასტუმრო “ფაბრიკაში” გაიმართება. ლექციაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა საჭიროა რეგისტრაცია, რომელიც პარასკევს დილის 10:30 საათზე დაიწყება.

პროექტი ექვს ქვეყანაში - სლოვაკეთში, ჩეხეთში, უნგრეთში, პოლონეთში, საქართველოსა და ბელორუსში ხორციელდება.

ლექციას დიდი თუ მცირე ბიზნესის, სამოქალაქო ორგანიზაციების, სოციალური საწარმოების წარმომადგენლები და კომუნიკაციის სფეროს ექსპერტები დაესწრებიან.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას და განვითარებას.

bpnთომას ქოლსთერი, რომელსაც „შთაგონებელ ნოვატორს”, „ინსპირაციულ ლიდერს“ და „მისიის ადამიანს” უწოდებენ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი ექსპერტია კომუნიკაციის, მარკეტინგისა და სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში. ის არის ავტორი კონცეფციისა “Goodvertising”, რომელიც შეცვლილ საკომუნიკაციო სივრცეში ახალ მიმდინარეობად გადაიქცა.

ქოლსთერი ამტკიცებს, რომ მომხმარებელთა ცნობიერება შეცვლილია და მათ ქცევასა და გადაწყვეტილებებს ახლა სულ სხვა ტიპის გზავნილები განაპირობებს. შეიცვალა ასევე კომპანიათა მიმართ საზოგადოების მოლოდინი.

მისი აზრით, გადატვირთულ სარეკლამო ლანდშაფტზე, სულ უფრო მეტი მომხმარებელი აქცევს ზურგს უშინაარსო სარეკლამო მესიჯებს, ხოლო ბრენდები პასუხისმგებლობის, გამჭვირვალობისა და ინოვაციურობის პოტენციალს აცნობიერებენ.

ქოლსთერს თავის წიგნში “Goodvertising”, კომუნიკაცია გაანალიზებული აქვს, როგორც უკეთესობისაკენ ცვლილების მამოძრავებელი, რომელსაც ბრენდისა და ბიზნეს შედეგების გაუმჯობესება და საზოგადოებისა და პლანეტისათვის ღირებულების შექმნა შეუძლია.

მანვე დააფუძნა კრეატიული სააგენტო “Goodvertising”, რომელიც ეხმარება კომპანიებს გააცნობიერონ ახალი რეალობა და რისკები საბაზრო შესაძლებლობებად გარდაქმნან.

თომას ქოლსთერი საერთაშორისოდ აღიარებული კონსულტანტია, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდები იწვევენ, ასევე გამოცდილი და მოთხოვნადი ლექტორი და ტრენერია, მუდმივი მსაჯი საერთაშორისო კონკურსებსა და დაჯილდოებებზე, როგორიცაა: D&AD, Creative Circle Award, EthicMark Award and Creative Conscious Award.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" და ფონდი "პონტისი".

პროექტის მხარდამჭერები არიან: ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი, მედია პარტნიორები კი გადაცემა - „საქმიანი დილა“; რადიო ქალაქი; გაზეთი ‐ Georgia Today; ონლაინ ჟურნალი „Marketer”, ონლაინ ჟურნალი bpn.ge ( BusinessPressNews); პრესრელიზების გავრცელების სააგენტო publicity.ge.