თბილისში კონფერენცია - „ევროკავშირის LEADER და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების მიდგომის გაზიარება საქართველოში“ ჩატარდება

ევროკავშირის მხარდაჭერით თბილისში, სასტუმროში ”ჰოლიდეი ინნ” ხვალ კონფერენცია - „ევროკავშირის LEADER და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების მიდგომის გაზიარება საქართველოში“ ჩატარდება. როგორც ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამიდან (ENPARD) იუწყებიან, კონფერენცია მათი დაფინანსებით, ევროპის LEADER“ მიდგომის საქართველოში განმახორციელებელი ორგანიზაციების „ადამიანი გაჭირვებაში“, „ქეა“ და მერსი ქორფსი“ კონსორციუმის სახელით გაიმართება.

ღონისძიებაზე განიხილება ამ ევროპული მიდგომების საქართველოში, კერძოდ, ყაზბეგში, ლაგოდეხსა და ბორჯომში დანერგვის პირველი 17 თვის შედეგები, ასევე, თანამშრომლობის საკითხები ადგილობრივი განვითარების ჯგუფებსა და თვითმმართველობასა თუ სხვა სამთავრობო სტრუქტურებთან და გამოცდილების გაზიარება ახლად შერჩეულ ორგანიზაციებთან, რომლებიც LEADER მიდგომის დანერგვას მომდევნო თვეებში დაიწყებენ.

ღონისძიებას დაესწრებიან სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, სამიზნე მუნიციპალიტეტების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და სოფლის განვითარების მიმართულებით მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

კონფერენცია ორგანიზებულია ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, რომელიც საქართველოში ხორციელდება 2013 წლიდან. პროგრამის მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მეშვეობით. პროგრამა მხარს უჭერს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ მუშაობენ სამიზნე თემებთან.