ზაჰესის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო დღეს, თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებენ

ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოების გამო,  თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, ავტომანქანები დღეს ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებენ.

თბილისის მერიის ცნობით, დღეს აღმაშენებლის ხეივნიდან საავტომობილო ნაკადი გადაერთვება მინდელის სახელობის ხიდების (გლდანის ხიდების) მიმართულებით, გაივლის სარაჯიშვილის გამზირს და ზაჰესის დასახლების გავლით მოხვდება ცენტრალურ ავტომაგისტრალზე.

ზაჰესის ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის ხიდზე ყველაზე რთული სამუშაოები მიმდინარეობს.

„ხიდზე მიმდინარე საკმაოდ რთული სამუშაოების გამო, დღეს შუადღემდე, დღის ერთ მონაკვეთში, თბილისიდან გამავალ მანქანებზე მცირედი შეზღუდვა დაწესდება. ამის შესახებ, მძღოლებს, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით, წინასწარ ეცნობებათ. მოძრაობა დროებით გლდანი-კონიაკის დასახლების მიმართულებით გადაერთვება, თუმცა ეს იქნება ძალიან მცირე შეფერხება, რის შემდეგაც მოძრაობა ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, უკვე დასრულდა ხიდის ბურჯების მოწყობა, მიმდინარეობს მალის ნაშენის მონტაჟი, რისთვისაც კონტრაქტორმა კომპანიამ სპეციალური ტექნიკა - 300 ტონიანი ამწე აზერბაიჯანიდან შემოყვანა. შემდეგ ეტაპზე დაიგება რკინა-ბეტონის ფილები და მოეწყობა ასფალტის ახალი საფარი. მალის დამონტაჟება 24 ნოემბერს დაიწყება.