თხილის ნაჭუჭის ბრიკეტები ბაზარზე მომავალი კვირიდან გამოჩნდება

თხილის ნაჭუჭის ბრიკეტების წარმოება ქართულ-უკრაინულმა კომპანიამ ”Ecoline Energy” ერთი კვირის წინ დაიწყო. როგორც კომპანიის დირექტორმა, თამაზ ლომიძემ ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, თხილის ნაჭუჭის ბრიკეტები მომავალი კვირიდან გაიყიდება. მისივე თქმით, ბრიკეტები ეკოლოგიურად სუფთაა, ქიმიურ დანამატებს არ შეიცავს და ბაქტერიებისგან გაწმენდილია. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ერთი ბლოკი ბრიკეტი 10 კილოგრამს იწონის და მასში ევროსტანდარტის მიხედვით 9-12 ცალი ბრიკეტი იქნება მოთავსებული. თამაზ ლომიძის განცხადებით, ორი ტონა ბრიკეტი მინუმუმ სამი გადარჩენილი ხეა.

”1 ტონა ბრიკეტი 1 კუბურ მეტრ შეშას უდრის, მისი წვის ხანგრძლივობა და ტემპერატურა გაცილებით მაღალია ვიდრე შეშის, რადგან თხილის ნაჭუჭისგან დამზადებული ბრიკეტი მთლიანად გამომშრალია, შეშაში კი 35-დან 50%-მდე ტენიანობაა. ჩვენი პროდუქციის 100 პროცენტი თხილის ნაჭუჭისგან მზადდება და ქიმიური დანამატები არ აქვს. ამ ეტაპზე ქარხანაში 100 ტონა პროდუქციას ვაწარმოებთ, თუმცა სრული დატვირთვის შემთხვევაში 400 ტონა პროდუქტის წარმოება შეგვიძლია,” - განაცხადა თამაზ ლომიძემ

კომპანიის ”Ecoline Energy” დირექტორის თქმით, მომავალი წლიდან თხილის ნაჭუჭის ბრიკეტების ექსპორტზე გატანას ევროპაში გეგმავენ. თამაზ ლომიძის განცხადებით კომპანია ამ ეტაპზე უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

”ევროპისთვის ეს ძალიან ცნობილი პროდუქტია. იქ მოთხოვნაც დიდია და სახელმწიფოც ხელს უწყობს მის გამოყენებას, რადგან ევროპაში გარემოს დაცვას დიდი ყურადღება ექცევა. ეს პროდუქტი კი ეკოლოგიურად სუფთა და გარემოსთვის უსაფრთხოა. საქართველოში ამ პროდუქტის შესახებ ბევრმა არ იცის, გვინდა, რომ ხალხს და პოტენციურ მყიდველს თხილის ნაჭუჭის ბრიკეტები გავაცნოთ. ვაწარმოებთ მოლაპარაკებს ქართულ კომპანიებთან და ახლო მომავალში ჩვენი პროდუქტი რამდენიმე დიდ სავაჭრო ქსელშიც გამოჩნდება,” - ამბობს თამაზ ლომიძე.

კომპანიამ ”Ecoline Energy” ზუგდიდში ქარხნის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. თამაზ ლომიძის განცხადებით საწარმო თხილის ნაჭუჭს ადგილობრივი მოსახლეობისა და ქარხნებისგან ყიდულობს. როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს საწარმოში ამ ეტაპზე 5 ადამიანი მუშაობს, ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ დასაქმებულთა რიცხვი 15-მდე გაიზრდება.

თათია ახვლედიანი