საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა.

ფონდმა ახალი პროგნოზი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც 22 ნოემბერს საქართველოში ფონდის წარმომადგენლების ერთკვირიანი ვიზიტი დასრულდა.

სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზის თანახმად, 2016 წელს მშპ-ს რეალური ზრდა 2,7% იქნება, ნაცვლად ოქტომბერში ნავარაუდევი 3,4%-ის; 2017 წელს კი მშპ-ის რეალური ზრდა 4%-მდე გაიზრდება, ნაცვლად მანამდე ნავარაუდევი 5,2%-ის.

„საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა სიმტკიცე და მართალია, ნელი ტემპებით, თუმცა მაინც განაგრძობს აღდგენას გარე შოკებისგან“, - ნათქვამია სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფონდის განცხადებით, ქვეყნის ხელისულება გეგმავს კომპლექსურ სტრუქტურულ რეფორმებს, მათ შორის შიდა დანაზოგების მობილიზაციას, ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და ქვეყნის ეკონომიკაში ლარის მოხმარების გაზრდას.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილა საშუალოვადიანი გეგმები, მათ შორის მომავალი საბიუჯეტო გეგმა და სტრუქტურული ცვლილებები. ხელისუფლება მიზნად ისახავს ამბიციური ინფრასტრუქტურული პროგრამის გატარებას ვაჭრობისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ამევე დროს საშუალოვადიანი ფისკალური მდგრადობის შენარჩუნებას“, - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით, თბილისს 15-დან 22 ნოემბრამდე სტუმრობდნენ.