29 ორგანიზაციამ „სოფლად კოოპერაციული სისტემების განვითარებისა და მცირე ფერმერთა მხარდაჭერის შესახებ“ დეკლარაციას მოაწერა ხელი

„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების ალიანსის” (GAARD) შეხვედრაზე ალიანსის წევრმა 29 ორგანიზაციამ „სოფლად კოოპერაციული სისტემების განვითარებისა და მცირე ფერმერთა მხარდაჭერის შესახებ“ დეკლარაციას მოაწერა ხელი. აღნიშნული დეკლარაციით ალიანსის წევრები მიმართავენ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის საქვეუწყებო დაწესებულებებს, ასევე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სასურსათო და აგრარულ სექტორში საკანონმდებლო რეფორმების განხორციელების, პოლიტიკის დაგეგმვისა და პროგრამების შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას და მცირე ფერმერების ხელშეწყობას, რომლებიც დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენენ და დიდ როლს ასრულებენ სასოფლო-სამეურნეო სექტორის მდგრად და დინამიურ განვითარებაში. დეკლარაციის თანახმად, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული სოფლის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებასთან და ქვეყნის 2020 წლამდე მდგრადი განვითარების სტრატეგიის თანახმად, ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფას.

დეკლარაციაში განასაკუთრებული აქცენტები კეთდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015-2020 წ.წ. დარგობრივი განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საინვესტიციო მხარდაჭერისთვის დაგეგმილი ასიგნებების წლიურად 3,5 მილიონიდან 25 მილიონ ლარამდე გაზრდაზე რადგან არსებული კოოპერაციული გაერთიანებების რაოდენობისა და მასშტაბების ფონზე წლიური ასიგნებები ძალიან მცირეა და არ შეესაბამება არსებულ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს. დეკლარაციაში ასევე საუბარია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის არსებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებაზე 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ, რაც ხელს შეუწყობს კოოპერატივებს გარკვეული ვადით ისარგებლონ საშეღავათო პირობებით. ალიანსის წევრების რეკომენდაციით აუცილებელია სესხის საგარანტიო ფონდის შექმნის თაობაზე განხილვების დაწყება სახელმწიფო დონეზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და მცირე ფერმერების ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას.