საქართველოში ძვირადღირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება

უკანასკნელი ორი წლის მანძილზე საქართველოში ავტობაზარი 30 პროცენტით შემცირდა.

თუმცა მოთხოვნა ძვირადღირებულ, ე.წ. ლაქშერი კლასის მოდელებზე ცალსახად გაზრდილია. ამის შესახებ „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით გოგორიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ ყიდვისუნარიანობა იზრდება საზოგადოების მაღალშემოსავლიან სეგმენტში, რომელსაც ავტოგანვადება ან ლიზინგი არ სჭირდება და ერთიანად იხდის თანხას.

”თუმცა, ზოგადად ძვირად ღირებული ავტომობილების გაყიდვის წილი საერთო გაყიდვებში მცირეა და მათზე გაზრდილი მოთხოვნა საერთო გაყიდვების პორტფელის ტენდენციებზე გავლენას ვერ ახდენს,” - განმარტავს გოგორიშვილი.

მისივე თქმით, ადგილობრივი ავტობაზრის შემცირების ძირითადი მიზეზები ლარის დევალვაცია, საცალო მომხმარებლის პასიურობა და სახელმწიფო ბიუჯეტის შემცირებაა.

”ვალუტის კურსის ცვლილება ჩვენს გაყიდვებზე ნეგატიურად აისახა. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შემოსავალი ლარში აქვს და ცვლილებები გავლენას ახდენს მათ შემოსავალზე. ასევე, შემცირდა კორპორაციული სეგმენტიც. ისინიც თავს არიდებენ ლიზინგით ან ავტოგანვადებით ავტოპარკის განახლებას. ადგილობრივ ბაზარზე სახელმწიფო უმსხვილესი შემსყიდველია. თუმცა წელს სახელმწიფოს პრიორიტეტებშიც არ შედიოდა ავტოპარკის განახლება. ყველაფერმა ერთად განაპირობა ბაზრის შემცირება,” - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით გოგორიშვილმა.

ნანა მღებრიშვილი