როგორ შეიძლება გადაუხადოს მერიამ "სითი პარკს" 25 მილიონი - დავით ნარმანიას 5 ვერსიას სთავაზობენ

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და ფრაქცია "რესპუბლიკელები" თბილისის მერს "სითი პარკისთვის" 25 მილიონის გადასახდელად 5 ვერსიას სთავაზობენ.

ალეკო ელისაშვილმა და ფრაქცია "რესპუბლიკელებმა" დღეს საკრებულოში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ალეკო ელისაშვილის თქმით, თბილისის მერის თხოვნის შესაბამისად, "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში საიდან შეიძლება 25 მილიონი ლარის გამოძებნა, ამ საკითხზე "რესუბლიკელებთან" ერთობლივად იმუშავა. ალეკო ელისაშვილის თქმით, ეს შესაძლებელია ცენტრალური ბიუჯეტიდან მიზნობრივი ტრანსფერის გამოყოფის შემთხვევაში, რისი მაგალითებიც არაერთი ყოფილა, სტადიონისა და მარჯანიშვილის გამზირის რეაბილიტაცია და სხვა. მეორე ვერსიით, საჭიროა პირობიანი ახალი ტენდერის გამოცხადება, კერძოდ, მერიას ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პირობა უნდა მისცეს, რომ 25 მილიონს წინასწარ გადაიხდის. კიდევ ერთი ვერსია, ელისაშვილის თქმით, "ქართუ ბანკია", საიდანაც მერიამ შეღავათიანი დაბალპროცენტიანი კრედიტი უნდა აიღოს.

"რესპუბლიკელები" კი დედაქალაქის მერს საკუთარ ვერსიას სთავაზობენ, საიდან შეიძლება 25 მილიონის გამოძებნა.

ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, მათ შეისწავლეს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, ასევე მიმდინარე წლის 9 თვის შესრულება.

სამნიძის განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტში არის გარდამავალი ნაშთი 30 მილიონი, ასეთივე ნაშთი 40 მილიონის ოდენობით გასულ წელსაც იყო, ამდენად, "რესპუბლიკელები" მიიჩნევენ, რომ 25 მილიონი ლარის დასაფარად შესაძლებელია გამოყენებული იყოს ბიუჯეტში არსებული გარდამავალი ნაშთი. "რესპუბლიკელების" კიდევ ერთი ვერსიაა, მოხდეს 2017 წლის ბიუჯეტში ხარჯების გადანაწილება. კერძოდ, გარკვეული პროგრამებისთვის თანხის მოკლება.

ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლების პოლიტიკური ნება იქნება, "სითი პარკისთვის" 25 მილიონის გამოძებნა შესაძლებელია.

წყარო AMBEBI