აჭარაში ვიზიტისას ერთი ტურისტი საშუალოდ 1 059 ლარს ხარჯავს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 2016 წლის აპრილ-ივნისში ჩატარებული უცხოელ ვიზიტორთა კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის შედეგად, 909 უცხოელი ვიზიტორი საქართველოში არსებულ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ქვეყნის დატოვებამდე გამოიკითხა.

კვლევის მიხედვით, აპრილი-ივნისის პერიოდში აჭარაში პროცენტულად ყველაზე მეტი უცხოელი ვიზიტორი 45.4% ძირითადად მეგობრებთან, 31,1% კი ინდივიდუალურად სტუმრობს. მათი უმრავლესობა კი რეგიონში საშუალოდ 2-3 ღამით რჩება.

ერთი ტურისტის მთლიანი ვიზიტის ხარჯი აჭარაში საშუალოდ 1 059 ლარს შეადგენს. აღნიშნულ ციფრში შედის კვების, განთავსების, გართობისა და აჭარაში ყოფნისას განხორციელებული ყველა აქტივობის ხარჯი. მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი ტრანსპორტი, რომლითაც ვიზიტორმა აჭარაში ჩამოსვლამდე და რეგიონში ისარგებლა.

წინა კვლევების მსგავსად, 2016 წლის აპრილ-ივნისში ვიზიტორების უმრავლესობა აჭარაში ძირითადად ღირსშესანიშნაობათა, ბუნებისა და ლანდშაფტების დასათვალიერებლად (55,7%) და აზარტული თამაშებისთვის (9,1%) ჩამოდის, თუმცა მათ მიერ რეგიონში ყოფნისას განხორციელებულ აქტივობებში აზარტულ თამაშებს მხოლოდ 0,2% უჭირავს, მაშინ როცა ეკოტურიზმით ტურისტების 90%, ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმით 38,64%, ხოლო კულტურული ტურიზმით 31,24 % ტურისტია დაკავებული.