დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა იყო სწორი და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას

საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი დიმიტრი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ საშინაო ვალი უნდა გაიზარდოს.

ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მის გეგმებთან დაკავშირებულ პრეზენტაციაზე საგარეო და საშინაო ვალზეც ისაუბრა.

”ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დამოკიდებულება ვალთან მიმართებაში. დღეს ჩვენი მთლიანი ვალი მშპ-სთან მიმართებაში არის 41.2%. აქაც უნდა აღვნიშნო, რომ საგარეო ვალი წარმოადგენს 39%-ს. ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ სტრუქტურა, რომელიც დღეს სახელმწიფოში გაგვაჩნია - 78% არის საგარეო ვალი, ხოლო საშინაო ვალი არის 22%. საგარეო ვალთან მიმართებაში მრავალმხრივი არის 55%, ორმხრივი არის 13%, ხოლო ევრობონდები არის 9%. საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს 2.1%-ს და დაფარვის ხანგრძლივობა დღეიდან მოყოლებული არის 10 წელიწადზე მეტი. საშინაო ვალი არის გასაზრდელი. ამას ჩვენ თქვენთან ერთად განვიხილავთ, როდესაც ჩვენ სახელმწიფო ვალის სტრატეგიაზე ვიმსჯელებთ. ძალიან ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვალს. ყოველთვის უნდა მოიძებნოს ბალანსი, რომლის მიხედვითაც ქვეყანას უნდა ჰქონდეს სწორი პროპორცია, ერთი მხრივ, ვალუტის რეზერვების შევსების მიმართულებით, მაგრამ, მეორე მხრივ, ვალუტის რისკების მინიმიზაციის მიმართულებით, როდესაც საშინაო ვალებზე ვსაუბრობთ”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველო ბოლო პერიოდის განმავლობაში პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციებმა არ შეუმცირეს რეიტინგი.

”ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა იყო სწორი და ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას”, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.