ალექსანდრე ჯეჯელავა - “ნაცმოძრაობამ“ სკოლებში ისეთი პოლიტიზირებული სისტემა შექმნა, რომლის სრული დეპოლიტიზირება ვერ მოხერხდა

სამწუხაროდ, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ სკოლებში ისეთი პოლიტიზირებული სისტემა შექმნა, რომლის სრული დეპოლიტიზირება, იმის მიუხედავად, რომ წლებია ამ მიმართულებით ვმუშაობთ, ვერ მოხერხდა , - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პარლამენტში გამართული მოსმენისას, სკოლების დეპოლიტიზაციის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

“შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე სკოლების რესურსცენტრების და ადმინისტრაციის მონაწილეობა გამოვრიცხეთ. სადაც ცალკეულ შემთხვევაში, ფუნქციონერებმა ეს დაარღვიეს, ვაპირებთ, თითოეულ ასეთ შემთხვევაზე რეაგირება მოვახდინოთ. ხშირ შემთხვევაში, ეს ის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, სკოლის დირექტორი და მოადგილეები არიან, რომლებსაც ვერ დაუჯერებიათ, რომ ჩვენი დავალებაა, არ მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში. ეს გაგრძელდება და აუცილებლად მივაღწევთ 100%-იან დეპოლიტიზაციას“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.