პარლამენტის რამდენიმე კომიტეტმა ეკონომიკური პროფილის მინისტრებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ასევე გაერთიანებული კომიტეტები მხარს უჭერენ ეკონომიკური პროფილის მინისტრებს , - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კოვზანაძე იმედს გამოთქვამს, რომ მინისტრობის ახალ კანდიდატებს დაამტკიცებენ და პარლამენტი მათთან აუცილებლად ითანამშრომლებს.

„ცვლილებები ძირითადად ეხება ეკონომიკურ გუნდს. ეს იმას ნიშნავს, რომ პრემიერობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი ზუსტად ხედავს იმ მთავარ გამოწვევებს, რაც საქართველოს წინაშე დგას, ეს არის ეკონომიკის სწრაფი ზრდა, ახალი სტიმული საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ზრდისთვის, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების წახალისება და ა. შ. ის ადამიანები, რომლებიც დღეს არიან წარმოდგენილი, არიან კვალიფიციურები, აქ წარმოდგენილი კომიტეტები მხარს დავუჭერთ მათ და ვფიქრობ, შემდგომში ისინი პარლამენტთან აქტიურად ითანამშრომლებენ“, - განაცხადა კოვზანაძემ.

ამ წუთებში პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკური პროფილის მინისტრებს უსმენენ.