ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს შეხვდნენ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, სასტუმრო "ბილთმორ-თბილისში", ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს შეხვდნენ.როგორც ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბიზნესის წარმომადგენლებს ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური ტენდენციები გააცნო. შეხვედრაზე რომელიც ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ასოციაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ ეროვნული ბანკის პეზიდენტისთვის დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი ყველა შეკითხვა და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მსგავს შეხვედრებს ბიზნეს ასოციაციასთან, რომელიც გარკვეული პერიოდულობით გაიმართება, დიდი მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვის სწორი მოლოდინებისა და გადაწყვეტილებების მისაღებად.

"ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ. სწორი მოლოდინები, ადეკვატური გადაწყვეტილების მისაღებად უმნიშვნელოვანესია. ამიტომ მსგავსი შეხვედრები, გარკვეული პერიოდულობით გაიმართება და სასარგებლო იქნება როგორც ჩვენთვის ისე ბიზნესისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ ბიზნესის წარმომადგენლთა მოსაზრებებს და შეფასებებს, მათ ხედვებს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.