"დინამოს" პრეზიდენტი 5-ათასკაციანი სტადიონის აშენებას გეგმავს

თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ, შესაძლოა, კლუბისთვის ახალი სტადიონი ააშენოს. ამის შესახებ Sportall.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ განაცხადა.

გროზნის თქმით, მისი სურვილია, კლუბს 3-5-ათასიანი ტევადობის სტადიონი ჰქონდეს, სადაც "დინამო" ჩემპიონატის მატჩებსაც ჩაატარებს. უკრაინელი სპეციალისტი კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას უკვე ესაუბრა და არაა გამორიცხული, უახლოეს მომავალში თბილისს ახალი სტადიონი შეემატოს.

"ჩემი სურვილია და ამაზე კლუბის ხელმძღვანელობასთანაც ვისაუბრე, რომ აშენდეს ახალი, 3-5 ათას გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი. ეს ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის. იქ ჩვენი 17 და 19-წლამდელთა გუნდები ითამაშებენ, ასევე, ვეტერანებიც.

ამის გარდა, ამ სტადიონზე ითამაშებდა ჩვენი მთავარი გუნდიც. ვიყოთ გულწრფელები - 55-ათასიან "დინამო არენაზე" არ მოდის გულშემატკივართა ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა. ასეთ დროს ამხელა, მაგრამ ცარიელ სტადიონზე თამაში გაუმართლებელია. კი, გვაქვს ძალიან კარგი "დინამო არენა", მაგრამ არც პატარა სტადიონი გვაწყენდა. ახალი სტადიონი იმ რამდენიმეწლიანი გეგმის ნაწილია, რომელიც შევიმუშავეთ. ჩვენ წინ სტრატეგიულად ვიხედებით. არ იქნებოდა ცუდი, ყველა კლუბი ასე ფიქრობდეს", - განაცხადა გროზნიმ.

კლუბის მიერ ახალი სტადიონის აგების შესაძლებლობის შესახებ Sportall.ge-სთან კომენტარი თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემაც გააკეთა.

"საუბარი იმ ტერიტორიაზეა, სადაც 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით აქციებიც გაიმართა... ეს კორპუსი უნდა დაჰყურებდეს ბაზას და ამახინჯებდეს აქაურობას.

სწორედ ამიტომ, რომან ფიფიამ განაცხადა, რომ თუკი თბილისის მერია მშენებელ კომპანიას ალტერნატიულ ადგილს გამოუძებნის, კლუბი აღნიშნულ ტერიტორიას თავად შეისყიდის, ააშენებს მცირე ზომის სტადიონს, თავისი სკვერით.

ამ სტადიონზე "დინამოს" ახალგაზრდული გუნდები ითამაშებენ და ზოგჯერ, შესაძლოა, ამხანაგური მატჩები მთავარმა გუნდმაც ჩაატაროს. იმხელა "დინამო არენა" გვაქვს, ჩემპიონატის მატჩები გუნდმა სხვაგან რატომ უნდა ითამაშოს?

მერიასთან უკვე მიმდინარეობს საუბარი. როგორც ვიცი, მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა აღნიშნული ტერიტორიის მფლობელმაც გამოთქვა", - განაცხადა სალუქვაძემ.