კახა კალაძე - ვფიქრობ, არანაირი ეჭვები არ არსებობს ჩემს ფინანსებთან დაკავშირებით

მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ვიყავი და გამაჩნია იმის ინტელექტი, რომ სწორად მიმემართა თანხები და დღეს არავისზე არ ვიყო დამოკიდებული , - ასე უპასუხა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა კახა კალაძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრაზე დასმულ კითხვას, რომელიც კალაძის „ბიზნეს ინტერესებსა მის წილებს შეეხებოდა ენერგეტიკის სფეროში“.

კახა კალაძის თქმით, ყველაფერი, რაც მას გააჩნია, ასახულია მის დეკლარაციაში და არანაირი ეჭვები არ არსებობს მის ფინანსებთან დაკავშირებით.

”ყველაფერი რაც კი მე გამაჩნია, ასახულია დეკლარაციაში. მე ვფიქრობ, არანაირი ეჭვები არ არსებობს ჩემს ფინანსებთან დაკავშირებით, რადგან მე წლების განმავლობაში, ჩემი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ვიყავი. ჩემი ხელფასი წლიურად 6 მილიონს შეადგენდა და საკმაო ინტელექტი გამაჩნია იმისათვის, რომ ეს თანხები სწორად მიმემართა, რათა არავისზე არ ვიყო დღეს დამოკიდებული”, -განაცხადა კახა კალაძემ.