საქართველოში სოფლის განვითარების პოლიტიკის ინსტიტუციური მხარდაჭერისთვის სემინარი გაიმართა

საქართველოში სოფლის განვითარების პოლიტიკის ინსტიტუციური მხარდაჭერისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით სემინარი გაიმართა. როგორც  ENPARD-დან იუწყებიან, სემინარი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ევროკავშირის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, სემინარს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, მთავრობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

ნოდარ კერესელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, გავიზიაროთ ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება სოფლის განვითარების მიმართულებით.

„სოფლის განვითარება სოფლად მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროკავშირის, FAO-სა და UNDP-ის მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობს სოფლის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტზე, რომელიც დასკვნით ფაზაშია და ახლო მომავალში დამტკიცდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავიზიაროთ ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება სოფლის განვითარების მიმართულებით და შევიმუშაოთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოფლის განვითარების ეფექტური პოლიტიკის განხორციელებას“, -განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

FAO-ს წარმომადგენლებმა სემინარის მონაწილეებს სოფლის განვითარების მიმართულებით უნგრეთის გამოცდილება გააცნეს. FAO-ს სოფლის განვითარების ოფიცერმა, ანეტა ზილაგიმ სოფლის განვითარების ერთ-ერთ მიდგომაზე - LEADER ისაუბრა, რომელიც ადგილობრივ საინიციატივო ჯგუფებზე დაყრდნობით განსაზღვრავს რეგიონის პრიორიტეტებსა და სოფლის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს.

„FAO-ს საქართველოში ჩამოაქვს სოფლის განვითარების საერთაშორისო ექსპერტიზა, რათა ქვეყანამ შეძლოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და დანერგვა“, - აღნიშნა ანეტა ზილაგიმ.

სამინისტროს ცნობით, სემინარი ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც FAO და UNDP სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდასაჭერად 2015 წლიდან ახორციელებენ. პროექტის ფარგლებში შემუშავდა სოფლის განვითარების სტრატეგია და მოხდა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება. FAO-ს ექსპერტების მიერ მომზადდა სოფლის განვითარების ხედვის დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც შემუშავდა სოფლის განვითარების სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი. ამ ეტაპზე, დოკუმენტის შემუშავება დასკვნით ფაზაშია და ახლო მომავალში საბოლოო სახით დამტკიცდება.

როგორც გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა საქართველოში გიორგი ნანობაშვილმა აღნიშნა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება ხელს შეუწყობს საქართველოს, შეიმუშავოს სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკა.

„სოფლის განვითარება კომპლექსური სფეროა, რომელიც უშუალოდ ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა დასაქმება, ბიზნესის განვითარება, სერვისების ხელმისაწვდომობა, განათლება, სოციალური დახმარება, გარემოსდაცვითი რისკებისა და ბუნებრივი რესურსების მართვა. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება ხელს შეუწყობს საქართველოს, შეიმუშავოს სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ინტეგრირებული იქნება ეროვნული და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიებში“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა საქართველოში გიორგი ნანობაშვილმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშემ, ალვარო ორტეგამ სემინარზე სოფლის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს ეფექტური პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვის პროცესის მხარდაჭერას რეგიონში.