რომან გოცირიძე - ეს ხელისუფლება ლარს რომ არ მოსწონს, ყველამ კარგად ვნახეთ

დღეს თუ ”ბლუმბერგში” ჩავიხედავთ, თქვენ დაინახავთ, რომ ლარმა ისტორიული გაუფასურების მაქსიმუმს მიაღწევს , - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს.

როგორც რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისთვის კითხვის დასმისას განაცხადა, ხელისუფლების მრავალი დაპირების მიუხედავად ლარის კურსის დასტაბილურება 4 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

”ეს ხელისუფლება ლარს რომ არ მოსწონს ყველამ კარგად ვნახეთ. დღეს თუ ბლუმბერგში ჩავიხედავთ, თქვენ დაინახავთ, რომ ლარი ისტორიული გაუფასურების მაქსიმუმს მიაღწევს. ანუ 4 წლის განმავლობაში ვერ მოხდა ლარის დასტაბილურება, მიუხედავად მრავალი დაპირებისა თქვენი ხელისუფლების მხრიდან. როდის აპირებთ და რა გზებით ლარის მორიგი დევალვაციის თავიდან აცილებას, რომელმაც ქვეყანაში ფაქტობრივად მცირე და საშუალო ბიზნესი გაანადგურა. ოფიციალური სტატისტიკითაც კი მცირე ბიზნესი 20 ათასითაა შემცირებული. ლარის გაუფასურებამ ათეულობით ათასი ადამიანი გააღარიბა, 500 ათასი ადამიანი დატოვა შემოსავლების გარეშე ბანკის სესხების უცხოური ვალუტით დაფარვის გამო”, - განაცხადა გორიციძემ.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ასევე წლევანდელი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით და სახსრების წარმომავლობითაც დაინტერესდა.

”4 წლის შემდეგ როგორც იქნა აღიარეთ, რომ ცუდი ბიუჯეტი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ცუდად მოქმედებს და ლარის სტაბილიზაციის ერთ-ერთ გზად ჯანსაღი ბიუჯეტი დაასახელეთ. 4 წელია ჩვენ ვიღებთ დეფიციტურ, მფლანგველურ და არარაციონალური ხარჯებით შეჯერებულ ბიუჯეტს და მისი ერთ-ერთი ნაირსახეობაა წლევანდელი ბიუჯეტი”, - აღნიშნა გოცირიძემ.