გიორგი კვირიკაშვილი - ნათესავების დასაქმება ჩვენი ხელისუფლების დამახასიათებელი თვისება ნამდვილად არ არის

ნათესავების დასაქმება ჩვენი ხელისუფლების დამახასიათებელი თვისება ნამდვილად არ არის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ირაკლი აბესაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ, ირაკლი აბესაძე დაინტერესდა გიორგი კვირიკაშვილისგან თუ რატომ არის თვითმმართველ ორგანოებში პერსონალი და შესაბამისად ადმინისტრაციული ხარჯები ”გაბერილი”. ამასთან, აბესაძის თქმით, ხშირია არაკომპეტენტური ნათესავების დასაქმების ფაქტები.

როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, ამ კუთხით სიტუაცია მერიასა და თვითმმართველ ორგანოებში გამჭვირვალეა.

”ბოლო პერიოდში მერიაში სსიპ-ები სუბსიდირებიდან გადავიდა შრომის ანაზღაურებაზე. რამაც გამოიწვია მეტი გამჭვირვალობა. ამის გამო 3500 ექიმი, ექთანი და მძღოლი 2014 წლის პირველი იანვრიდან გახდა სსიპის რაიონული სასწრაფოს დახმარების სამსახურის თანამშრომელი. აქამდე ისინი კერძო კომპანიების თანამშრომლები იყვნენ. ამან გამოიწვია ბიუროკრატიის გაბერვის ეფექტი.

რაც შეეხება ნათესავებს, საქართველო პატარა ქვეყანაა, ვიღაცა ვიღაცის ნათესავია და მთელი საქართველო უნდა დავტოვოთ უმუშევარი თუ მაგ კრიტერიუმით მივუდგებით. საერთოდ ნათესავების აყვანა ჩვენი ხელისუფლების დამახასიათებელი თვისება ნამდვილად არ არის”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.