საქართველომ ლონდონში ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ლონდონში, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ. “WTM 2016”-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად შემდეგი ტურისტული კომპანიები დაესწრნენ: Info-Tbilisi, Georgian Travel Group, Visit Georgia, Explore Georgia, GeorgiCa Travel, Caucasus Travel, Exotour.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე საქართველოს სტენდთან დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, სტუმრებისათვის ქართული ღვინის დეგუსტაციაც მოეწყო. გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ სხვადასხვა ტელეკომპანიებთან, მათ შორის Euronews-თან საქართველოს ტურისტული მიმართულების, მარკეტინგული კამპანიების შესახებ ისაუბრა. ლონდონის 37-ე საერთაშორისო გამოფენას მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნიდან და რეგიონიდან საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიის 50,000-ზე მეტი პროფესიონალი დაესწრო.