მერაბ მამულაშვილი ადასტურებს, რომ „თბილისის მიკროავტობუსმა“ მერიას მგზავრობის საფასურის გაძვირების საკითხზე შეტყობინება გაუგზავნა

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მერაბ მამულაშვილი ადასტურებს, რომ „თბილისის მიკროავტობუსმა“ მერიას მგზავრობის საფასურის გაძვირების საკითხზე შეტყობინება გაუგზავნა, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს განუცხადა. მამულაშვილის თქმით, კომპანიას უფლებამოსილება გააჩნია, აცნობოს მერიას, რომ აპირებს ფასის გაზრდას. თუმცა, როგორც მერაბ მამულაშვილმა აღნიშნა, მსგავსი წერილი მერიაში კომპანიისგან შარშანაც შევიდა, მაგრამ ფასები შარშან არ გაზრდილა. მამულაშვილის აზრით, მგზავრობის ფასი არც ამჯერად გაიზრდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ჯაბა სამუშიამაც და განაცხადა, რომ მიკროავტობუსებით მგზავრობის ფასი არ გაიზრდება. ”ეს საკითხი შეკითხვის სახით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დასვეს და მე ნამდვილად მიკვირს, რადგან ეს ხელშეკრულება თავის დროზე ”ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში გაფორმდა სამარშუტო ტაქსების კომპანიასთან. სამწუხაროდ, აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს შემდეგ ჩანაწერს: როდესაც კომპანია მიმართავს მერიას ფასთან დაკავშირებით, მას აქვს ერთი თვის ვადა და ყოველგვარი თანხმობის გარეშე შეუძლია თანხა მოუმატოს. მე მინდა თბილისელები დავარწმუნო, რომ მიუხედავად ამ ჩანაწერისა, მგზავრობის ფასი არ მოიმატებს”, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.