”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ჯანდაცვისა და სოციალური მუხლების დაფინანსება მცირდება

”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ჯანდაცვისა და სოციალური მუხლების დაფინანსება მცირდება, რის გამოც ის საკრებულომ მერიას უკან დაუბრუნა, - ამის შესახებ ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ირაკლი ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ემსახურება დავით ნარმანიას და ”ქართული ოცნების კეთილდღეობას. ”ქალაქის საკრებულომ დღეს თბილისის მერიას შენიშვნებით დავუბრუნეთ ბიუჯეტი, რომლის მიხედვით, მცირდება ჯანდაცვისა და სოციალური მუხლების დაფინანსება. მცირდება კომუნალური ვაუჩერის დაფინანსება, არაფერი კეთდება, ფაქტობრივად, საცობების მიმართულებით. მცირდება ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებები. სამაგიეროდ, დავით ნარმანიამ გაზარდა კვლავ და კვლავ შტატები, გაზარდა რეკლამების ხარჯები და ჩვენ მას ასევე მოვუწოდეთ ამოიღოს ის ასობით ათასი ლარი, რომელიც მას წინასაარჩევნოდ გათვალისწინებული აქვს ამომრჩევლების მოსყიდვის მიზნით, განსაკუთრებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფურშეტებისთვის, რესტორნებისთვის და მათთვის საჩუქრად ნოუთბუქების გადასაცემად. ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ემსაუხრება დავით ნარმანიას და ”ქართული ოცნების” კეთილდღეობას და მათი სკამების შენარჩნებას”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.