რა ცვლილებებს გეგმავს  ფინანსთა სამინისტრო მომავალ წლებში

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებთან შეხვედრაზე იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელზეც მომავალ წლებში ფინანსთა სამინისტრო იმუშავებს.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება, როდესაც კომპანიები, მოგების გადასახადს გადაიხდიან მაშინ, თუ მოხდება მისი დივიდენდად ან სხვა ხარჯად განაწილება. ფინანსთა სამინისტრომ აქტიურად იმუშავა იმ მიმართულებით, რომ გამარტივებულიყო დეკლარირების პროცესი და კომპანიებისთვის, რაც შეიძლება მარტივი ყოფილიყო ურთიერთობა საგადასახადო სამსახურებთან. მოგეხსენებათ, რომ დღეს ბიზნესი ყველაზე მეტ დროს ბიუროკრატიასთან ურთიერთობაში ხარჯავს, როდესაც მას ურთიერთობა აქვს საგადასახადო სამსახურებთან. ამ მიმართულებით, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ საკმაოდ კარგი და წარმატებული ნაბიჯები გადავდგით. საქართველო მსოფლიოში რეიტინგით მე-9 ქვეყანაა დაბალი გადასახადების კუთხით. ჩვენ, ასევე, გავაუმჯობესეთ რეიტინგი დეკლარირების სიმარტივის მიმართულებით. შემდგომი ნაბიჯი იქნება ავტომატური დეკლარირება, რომელიც ბიზნესს მნიშვნელოვანწილად გაუმარტივებს დეკლარირების პროცესს. შესაბამისად, შეუმცირებს როგორც დროის, ისე ფინანსურ და საოპერაციო დანახარჯებს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ბიზნესს რაც შეიძლება ნაკლები დრო დაეხარჯოს ბიუროკრატიასთან ურთიერთობაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მთავრობის ახალი პროგრამა და დაგეგმილი რეფორმების პრიორიტეტები გააცნო. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მოხსენების შემდეგ, მთავრობის წევრობის კანდიდატებმა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.