მთავრობა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების და გადასახადისთვის თავის არიდების დანაშაულებზე ამნისტიის გამოცხადებას გეგმავს

მთავრობა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასა და 2013 წლის 1 იანვრამდე ჩადენილ ასეთი ტიპის დანაშაულებზე სრული ამნისტიის გამოცხადებას გეგმავს.

პარლამენტში ნდობის მისაღებად წარდგენილი სამთავრობო პროგრამის ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა” გათვალისწინებით, გაუქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოქმედებებისათვის, რომლებიც თავისი შინაარსით ისეთი საგადასახადო სამართალდარღვევაა, როგორიცაა სასაქონლო ზედნადების არასრულად ან/და არასწორად შევსება (საქონლის რაოდენობის ან/და ფასის შემცირება), 10000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე რეალიზაცია, ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა.

100 000 ლარამდე გაიზრდება გადასახადებისგან თავის არიდებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ზღვარი, რაც მთავრობის შეფასებით, 2017 წლიდან ხანდაზმულობის ვადის 3-წლამდე შემცირების ფონზე, მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანი იქნება ბიზნესისთვის.

ასევე სამთავრობო პროგრამაში წერია, რომ გამოცხადდება ”სისხლის სამართლის კოდექსის” 210-ე (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება ან გამოყენება) და 218-ე (გადასახადისთვის თავის არიდება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების სრული ამნისტია. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც აღნიშნული დანაშაული 2013 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს.