გიორგი კვირიკაშვილი - მნიშვნელოვანი ნაბიჯები იგეგმება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის კუთხით

ქვეყნის ორი ათასზე მეტ დასახლებულ პუნქტში იქნება ხელმისაწვდომი, უპირველეს ყოვლისა, უახლესი ინფორმაცია და ყველა ის სერვისი, რომელიც აუცილებელია ადამიანის ყოფისთვის და დღეს ხელმისაწვდომია მხოლოდ დიდ ქალაქებში , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის დამტკიცების საკითხს განიხილავენ.

საქართველოს პრემიერობის მოვალეობის შემსრულებელმა მთავრობის სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

”სივრცითი განვითარების, სივრცითი მოწყობის გეგმა გულისხმობს პოლიცენტრული ურბანული განვითარების კონცეფრციას. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნებისმიერ წერტილში იქნება ხელმისაწვდომი ის მნიშვნელოვანი სერვისები, რომელიც აუცილებელია ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს გულისხმობს საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების, ახალი აეროპორტების მშენებლობას ქვეყნის შიგნით, ეს გულისხმობს ინტერნეტიზაციას, ირიგაციის, ელექტრიფიკაციის სისტემის კიდევ უფრო განვითარებას და ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. ამ ყველაფრის შედეგად, ჩვენ მივიღებთ იმას, რომ ქვეყნის ორი ათასზე მეტ დასახლებულ პუნქტში იქნება ხელმისაწვდომი, უპირველეს ყოვლისა, უახლესი ინფორმაცია და ყველა ის სერვისი, რომელიც აუცილებელია ადამიანის ყოფისთვის და დღეს ხელმისაწვდომია მხოლოდ დიდ ქალაქებში. რაც შეეხება რესურსს, რომლითაც ეს ყველაფერი უნდა იყოს მიღწეული, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად დეტალური გათვლები, დროში გაწერილი გეგმა, რომელი პროექტი როდის უნდა დაიწყოს და რა პერიოდში, რა რესურსით უნდა შესრულდეს. უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულება, რა მიმართულებითაც, პარლამენტმა მიიღო რეინვესტირებულ მოგებაზე მოგების გადასახადის განულების ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტი. ეს არის ესტონური მოდელი, გამოცდილება, რომელიც უკვე აპრობირებულია და ვფიქრობთ, 1-ლი იანვრიდან, როდესაც ეს კანონი ძალაში შევა, ქვეყანაში დამატებით რამდენიმე ასეული მილიონი ლარის საინვესტიციო რესურსი გაჩნდება, რომელიც მოხმარდება ადამიანების დასაქმებას და ახალი საინვესტიციო პროექტების წამოწყებას.

ასევე მნიშვნელოვანია ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც ნაწილობრივ უკვე განხორციელდა და საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით იგეგმება. მომავალში იგეგმება ამ რეფორმის გაგრძელება, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის სახელმწიფო სექტორის დამოკიდებულებას კერძო სექტორისადმი და ვფიქრობთ, ესეც გარკვეულწილად რევოლუციური ცვლილებებია. ასევე უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იგეგმება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის კუთხით, რაზეც შიდა გუნდური შეთანხმება უკვე არსებობს და ამ საკითხსაც უახლოეს მომავალში დეტალებში წარმოვადგენთ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ბლოკის ერთ-ერთი მიმართულება „სტარტაპის ბიზნესის“ დაფინანსებაა. მისივე თქმით, ამ მიმართულებით შეიქმნა სპეციალური ინსტიტუტი და 50-ზე მეტი დამწყები ბიზნესი უკვე დაფინანსებულია ყოველგვარი გირაოს და უზრუნველყოფის გარეშე.

”ჩართული გვყავს უცხოელი ექსპერტები, რათა მიკერძოებულობის ნებისმიერი შანსი გამოირიცხოს და გამოყენებული იყოს საუკეთესო გამოცდილება ამ მიმართულებით. ამ რეფორმათა ბლოკის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ახალი საპენსიო რეფორმა, რომელიც 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ჩაირთვება. 2017 წლის განმავლობაში მომზადდება საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზა, რომელიც აუცილებელია სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებული ე.წ. მეორე პილარის საპენსიო სისტემისთვის, რათა ჩვენი მომავალი პენსიონერებისთვის გავაუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები, ცხოვრების სტანდარტები. ამავე დროს, როგორც მნიშვნელოვანი გადადინების ეფექტი, რომ ამ რეფორმას გააჩნია რამდენიმე ასეული მილიონი ლარის კუმულაციის ეფექტი ყოველწლიურად, რომელიც მოხმარდება ინვესტიციებს საფონდო ბაზრის რეფორმას, რაც მესამე ბლოკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა. ყველაფერ ამის შედეგად, ჩვენ მივიღებთ უპირველეს ყოვლისა, სოლიდურ საფონდო ბაზარს ქვეყანაში და ადგილზე მნიშვნელოვან ლიკვიდობას, რათა ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება მოხდეს გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე დღეს ეს ხდება. ჩვენ დასრულებული გვაქვს ამ მიმართულებით კანონმდებლობის და მარეგულირებელი ბაზის დიაგნოსტიკა აზიის განვითარების ბანკის მეშვეობით და ამ ნაბიჯების გადადგმას უახლოეს მომავალში დავიწყებთ”, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.