გია გაჩეჩილაძის აზრით, მომავალი წლიდან ლარის სწრაფად გამყარების ზღვარის დაწესება გახდება საჭირო

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ გია გაჩეჩილაძის აზრით, მომავალი წლიდან საქართველოში იმ მასშტაბის ინვესტიციები შემოვა, რომ ლარის სწრაფად გამყარების ზღვარის დაწესება გახდება საჭირო. როგორც გაჩეჩილაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, მომავალი წლიდან საქართველოში იგეგმება უმსხვილესი გეოპოლიტიკური პროექტების განხორციელება, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროში 3-მილიარდიანი ინვესტიციების შემოტანა, აბრეშუმის გზის ამოქმედების პერსპექტივა, გაზსაცავის მშენებლობა, ანაკლიის პორტის მშენებლობა და სხვა.

„ასეთი მასა დოლარისა, ინვესტიციისა, რომლის შემოსვლა საქართველოში დაიწყება მომავალი წლიდან, რა თქმა უნდა, იმოქმედებს ლარის კურსის ძალიან სწრაფად გამყარების მიმართულებით. მე მაინტერესებს, არის თუ არა მთავრობაში განსაზღვრული ის მიჯნა, კრიტერიუმი ან საზღვარი, რომლის ქვევით აღარ გამყარდება ლარი და ჩაერევა ეროვნული ბანკი ამ პროცესებში?“- დაინტერესდა გია გაჩეჩილაძე.