ბაზარზე 15 ლარიანი ჩინური სიგარეტი გამოჩნდა

ქართულ ბაზარზე ჩინური სიგარეტი CHUNGHWA გამოჩნდა, რომლის ერთი კოლოფი 15 ლარი ღირს. მასობრივი მოხმარების თამბაქოს ნაწარმს შორის ეს ყველაზე ძვირადღირებული სიგარეტია.

პროდუქცია ძირითადად ლოტოს ჯიხურებში იყიდება. ჯიხურის გამყიდველებს ახალი, ძვირად ღირებული თამბაქოს შესახებ მწირი ინფორმაცია აქვს და მხოლოდ ის გვითხრეს, რომ სიგარეტი „საქართველოს ფოსტას“ შემოაქვს. მათი ცნობით, ეს პროდუქცია ყველა ჯიხურში არ იყიდება და მხოლოდ შედარებით დიდ ჯიხურებშია მისი შეძენა შესაძლებელი.

„ბიზნესპრესნიუსი“ „საქართველოს ფოსტასაც“ დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ სიგარეტი კერძო სადისტრიბუციო კომპანიას შპს HAWK Euro-Asia international group-ს შემოაქვს და „საქართველოს ფოსტის“ კუთვნილი ჯიხურების ქსელის მეშვეობით ახდენენ მის რეალიზაციას.

მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ახალი სიგარეტის შემომტან კომპანიასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. საჯარო რეესტრში მოძიებული ინფორმაციით, შპს HAWK Euro-Asia international group 2013 წლის 11 იანვარს არის დარეგისტრირებული. კომპანიის დირექტორები გიორგი ჯაგასპანიანი და ჰონგ სონგი არიან, რომლებიც შესაბამისად კომპანიის 10% და 70%-იან წილებს ფლობენ. დანარჩენი 10-10%-იანი წილი კი არქან სიუსა და ვეი ჭანგს ეკუთვნით.

ქართულ ბაზარზე CHUNGHWA-ს გამოჩენას სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგ მომხმარებელს კი ამ პროდუქციის რეალიზაციის კანონიერებასთან დაკავშირებითაც გაუჩნდა შეკითხვები. „ბიზნესპრესნიუსი“ ამ თემაზე აგრძელებს მუშაობას და შევეცდებით ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ მომხმარებელს აღნიშნული პროდუქციის შესახებ. ამ ეტაპზე კი მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ CHUNGHWA მაღალი ხარისხის ჩინური სიგარეტია, რომელსაც შანხაის თამბაქოს ჯგუფი აწარმოებს.