”წარმოუდგენელია, რომ ძველ თბილისში ადამიანებს ღამე არ ეძინოთ იმის გამო, რომ 2-3 მეწარმე არის ბიზნესით დაკავებული”

გასამკაცრებელია „კანონი ხმაურის შესახებ“, წარმოუდგენელია, რომ ძველ თბილისში ადამიანებს იმის გამო, რომ 2-3 საშუალო მეწარმე არის დაკავებული ამ ბიზნესით, ღამე არ ეძინოს და დღისით არ ჰქონდეს საშუალება ნორმალური ცხოვრების , - ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ საკანონმდებლო ინიციატივებზე საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას, ბექა ოდიშარიას შეფასებით, ეს პროგრამა არის იმის გარანტი, რომ მოხდეს სწრაფი განვითარება და ეკონომიკური ზრდა. მისივე თქმით, კვლავ რჩება პრიორიტეტად სოციალური საკითხები, თუმცა ქვეყნის შესაძლებლობების და რესურების პრაქტიკულად მესამედი მომდევნო წლებში მიემართება ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ. „ჩვენ შედეგად მივიღებთ ერთმანეთთან დაკავშირებულ მთელ საქართველოს, რაც ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ გააადვილებს ბიზნესშესაძლებლობებს და ზოგადად, ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ასევე აქცენტი უნდა გავაკეთოთ ადგილობრივი კომპანიების ხელშეწყობაზე, რათა მომავალში შეგვრჩეს არა მხოლოდ ევროპული სტანდარტის ინფრასტრუქტურა, არამედ ასევე ევროპულ კომპანიებთან კონკურენტუნარიანი ქართული კომპანიები“, - განაცხადა ოდიშარიამ.

როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, მას აქვს საკანონმდებლო ინიციატივები და აქვს სურვილი, რომ გუნდმა როგორც საპარლამენტომ, ასევე სამთავრობომ ღიად გახსნას დისკუსია დარგის ექსპერტებთან ერთად“, რათა უფრო ეფექტურად მივხედოთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას“.

„ამ შემთხვევაში მე, როგორც ძველი თბილისის დეპუტატი, ვსაუბრობ, იმ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც თავმოყრილია დედაქალაქში. მე ამ წუთას თბილისზე ვსაუბრობ, თუმცა არაფრით მსურს დავაკნინო ის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც უხვადაა მიმოფანტული ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ, ამ მხრივ, შეგვიძლია ვიფიქროთ განსაკუთარებულ სტატუსზე, ტურისტულ გადასახადზე. მე მაქვს ინიციატივა, რომელსაც უახლოეს დღეებში გავაჟღერებ, რაც არის უსწრაფესად გადასაჭრელი და გასამკაცრებელი „კანონი ხმაურის შესახებ“. წარმოუდგენელია, რომ ძველ თბილისში ადამიანებს იმის გამო, რომ 2-3 საშუალო მეწარმე არის დაკავებული ამ ბიზნესით ღამე არ ეძინოს და დღისით არ ჰქონდეს საშუალება ნორმალური ცხოვრების, თუმცა ჩვენ არავის დევნას და არავის პირობების გაუარესებას არ ვაპირებთ, მაგრამ ის, რომ მე დავიცავ ამ მხრივ ძველი თბილისში მცხოვრების მოსახლეობის ინტერესებს, ეს გარდაუვალია. ისევე, როგორც მაქვს ინიციატივები მწვანე თბილისთან დაკავშირებით, ვინაიდან ზუსტად ვიცი რა დამოკიდებულება აქვს ბიზნესს და განსაკუთრებით, დეველოპერებს ამ საკითხში ჩართულობასთან მიმართებაში. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და მოსაზრებები“, - განაცხადა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, ასევე აქვს ინიციატივები ადამიანების ღირსეული საცხოვრისით დაკმაყოფილების შესახებ და ასევე, ასეთი ტიპის რამდენიმე ურბანული ინიციატივა.