ლევან დავითაშვილის პროგნოზით, საქართველოში ხორბლის მოსავალი 200 ათას ტონაზე მეტი იქნება

სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის ლევან დავითაშვილის პროგნოზით, 2016 წელს, საქართველოში ხორბლის მოსავალი მთლიანობაში 200 ათას ტონაზე მეტი იქნება. როგორც დავითაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, ეს რაოდენობა საერთო მოხმარების 1/3-ია.

”ხორბალი სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია. მთელ მსოფლიოში ასეა მიღებული. წლიდან წლამდე საქართველოში იწარმოებოდა 50-დან 100 ტონამდე ხორბალი, რაც საერთო მოხმარების დაახლოებით 5-10% იყო. ბოლო წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, რომელიც გულისხმობდა ჯიშთა გამოცდას, ხარისხის კონტროლს, ჩვენ თვითუზრუნველყოფა ამ ნაწილში მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ. 2015 წელს ჩვენ გვქონდა 130 000 ტონაზე მეტი ხორბლის წარმოება, ხოლო 2016 წელს მივიღებთ 200 ათას ტონაზე მეტ ხორბალს, რაც დაახლოებით 1/3-ია ჩვენი მოხმარების. თვითუზრუნველყოფის მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს, რაც სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია”, - განაცხადა დავითაშვილმა.